უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთავაზობს - ამის შესახებ განცხადებას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოსა და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს რაისა ბოგატიროვას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
კოლეგების შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე (მომდევნო კვირის დასაწყისში) საქართველოდან უკრაინაში ჩავა ექიმთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად დაადგენს საჭიროებებს. ამის შემდეგ დაზუსტდება, რა სახის დახმარებას გაუწევს საქართველო უკრაინას.





