სტიქია

გარემოს დაცვის სამინისტრო: დევდორაკზე სტიქიის გააქტიურების რისკი არსებობს

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "მყინვარ დევდორაკზე კვლავ არსებობს სტიქიური პროცესების გააქტიურების რისკი". სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა საგანგებო ჯგუფმა დევდორაკის ვიზუალური დათავლიერებით დაადგინა. სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დარიალის ხეობაში დაწესდეს 24-საათიანი მონიტორინგი, რაც სტიქიის შესახებ ადრეულად გაფრთხილების შესაძლებლობას იძლევა.

"გარდა ამისა, მდინარე დევდორაკსა და ამალთეას შესართავთან დამონტაჟდება ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გაზომავს ნალექის რაოდენობას, ტემპერატურას, ატმოსფერულ წნევას და ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისს მიაწვდის. ასევე შემუშავდა და დასრულდა ტექნიკური დავალება, იმ თანამედროვე აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების სისტემის მუშაობას ონლაინ რეჟიმში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე მიმდინარეობს პროცედურები ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი კომპანიებიდან", - ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად წუხელ მეორედ ჩამოიშალა. უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი. დარიალში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა.

კომენტარები