კრიზისი უკრაინაში

გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსი მშვიდობისმყოფელები უკრაინაში - ეს ოქსიმორონია

გაეროში ამერიკის ელჩი
wikipedia

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სამანტა პაუერმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ჯარებს ჰუმანიტარული ოპერაციის სახელით შეიყვანს, ამას აშშ როგორც ანექსიას ისე განიხილავს.

"უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ნებისმიერი ინდივიდუალური ინტერვენცია, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის სახით, აბსოლუტურად მიუღებელი და საგანგაშო იქნება. ეს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრად ჩაითვლება", - განაცხადა სამანტა პაუერმა. 

პაუერმა აღნიშნა, რომ მსგავსი მისიები საერთაშორისო, გამოცდილმა ორგანიზაციებმა უნდა  ჩაატარონ და არა რუსეთმა.

„რუსი მშვიდობისმყოფელები უკრაინაში - ეს ოქსიმორონია. რუსეთს არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი მშვიდობისთვის, ის მუდმივი საბოტაჟის რეჟიმშია. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი მშვიდობა მოუტანა რუსეთმა ყირიმს - დღეს იქ შეზღუდულია ადამიანის ძირითადი თავისუფლებები და ხდება ეთნიკური უმცირესობების სისტემატური ჩაგვრა“, - განაცხადა პაუერმა.

გაეროში ამერიკის ელჩმა გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოში და წაიკითხა ამონარიდი ტექსტიდან, სადაც რუსეთი ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყებაზე საუბრობდა. პაუერმა აღნიშნა, რომ უკრაინაშიც მსგავსი რამ განმეორდება, თუ რუსეთი ჰუმანიტარული ოპერაციის სახელით აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ ძალებს შეიყვანს. 

 

კომენტარები