სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია

სომეხთა ეპარქია: მეტი ადგილი დაეთმოს შემწყნარებლობისა და სიყვარულის ქადაგებას

სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის გერბი
Armenianchurch.ge |

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის განცხადებით, 22 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიათშორისი ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი მიქაელ ბოტკოველი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი მიქაელ ავაგიანი.

”მხარეებმა განიხილეს 19 ივლისს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის დეტალები და დაუშვებლად მიიჩნიეს საქართველოში ეთნიკური და რელიგიური დისკრიმინაციის გამოვლინებები, ხაზი გაუსვეს იმას, რომ საქართველო საუკუნეების მანძილზე მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა ხალხები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ერთად.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სომხურ და ქართულ ეკლესიათშორის ურთიერთობებს და საუკუნეებით ჩამოყალიბებულ მეგობრობას.

ინციდენტზე საუბრისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიასთან მომხდარში არის ყოფითი და ხულიგნური გამოვლინებები, სამწუხაროდ, სახეზეა ასევე ეთნიკური შეუწყნარებლობის გამოხატულება, რაც დაუშვებელია ჩვენს საზოგადოებაში.

ეპარქიის წინამძღვარმა მიმართა მიტროპოლიტ გერასიმეს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით, საქართველოს ეკლესიის თემებში შედარებით მეტი ადგილი დაეთმოს შემწყნარებლობისა და ქრისტიანული სიყვარულის ქადაგებას.

შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ მაღალი შეფასება მისცა სომეხი და ქართველი ხალხების საუკუნეებით გვერდიგვერდ ცხოვრების ისტორიასა და ტრადიციებს. ხალხს მოუწოდეს სიყვარულსა და მშვიდობაში ცხოვრებისკენ. იმედი გამოითქვა, რომ სამართალდამცავი ორგანოები გამოავლენენ დამნაშავეებსა და ორგანიზატორებს - საქართველოში ხალხებს შორის ნებისმიერი განხეთქილების პრევენციის მიზნით”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება აღნიშნულ შეხვედრასთან და მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც გაავრცელა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებებთან, რომ დაპირისპირებას ეთნიკური და რელიგიური ხასიათი ჰქონდა.

”მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოიშვა და არ ატარებს რელიგიურ და ეთნიკურ ხასიათს, რასაც თითქმის ყველა არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იზიარებენ. თუმცა არიან ერთეული გამონაკლისები, რომლებიც არასწორ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რაც სამწუხაროა”, - ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა, მართლაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ”ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა და მოწმეთა ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ კერძო ხასიათის დავა, რომელიც შემდგომში მასშტაბურ აგრესიაში გადაიზარდა, უფრო მეტად ინციდენტში მონაწილე სომხური ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული, ვიდრე ზოგადად ეკლესიის ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელთა შორის ასევე იყვნენ ეთნიკურად სომეხი წარმოშობის ადამიანები”. 

იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაქტობრივი გარემოებების პირველადი ანალიზით, კონფლიქტის მიმდინარეობის დროს, ჩანდა ეთნიკური სიძულვილის კონტექსტი, რაც ძირითადად, ეთნიკური კუთვნილების გამო, სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.

კომენტარები