ღაზის სექტორი

საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 230-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა

ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში პალესტინელმა სამხედროებმა ისრაელის მიმართულებით ნაღმტყორცნიდან ცეცხლი სამჯერ გახსნეს. მანამდე ისრაელი და პალესტინური დაჯგუფება ჰამასი 5 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა ამ ხნის განმავლობაში მშვიდობიან მოქალაქეებს ღაზის სექტორში საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების მომარაგება შეძლებოდათ.

ისრაელის თავდაცვის ძალებს ჯერჯერობით საპასუხო მოქმედება არ განუხორციელებიათ.

ოფიციალური პალესტინის ცნობით, მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დაიწყო, დაღუპულია 230-ზე მეტი პალესტინელი. ხოლო ჰამასის მიერ სარაკეტო თავდასხმებს 1 ისრაელში მცხოვრები ემსხვერპლა.

ისრაელმა ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო.  ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

გაეროს მონაცემებით, დაღუპულთა შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

კომენტარები