ჭიაბერაშვილი: კრწანისში ენმ-ს ორი აქტივისტი სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, კრწანისში პოლიციამ მათი ორი აქტივისტი - ნუგზარ მკალავიშვილი და მერაბ ბადაგიძე დააკავა. ჯერ-ჯერობით უცნობია აქტივისტების დაკავების მიზეზი და სხვა გარემოებები.

”კოალიცია ქართულმა ოცნებამ დღემდე აჩვენა ქართულ საზოგაოებას, რომ ის არჩევნების ჩატარებას და ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული კანდიდატის, დავით ნარმანიას თბილისში გაყვანას ძალადობრივი მეთოდებით აპირებს. წინასაარჩევნო პერიოდში, 15 ივნისსაც, არჩევნების დღეს, ჩვენ ვიხილეთ ძალადობის უპრეცედენტო ტალღა მაგრამ ეს დღესაც გრძელდება და ამას თან ახლავს პოლიციის მხრიდან აბსოლუტურად მიკერძოებულად მხოლოდ ენმ-ს წარმომადგენლების დაკავება ან დაკითხვაზე წაყვანა, მაშინ როდესაც მოძალადეები, ქართული ოცნების აქტივისტები პრაქტიკულად დაუსჯელნი რჩებიან.

ამ მომენტში გვაცნობეს, რომ კრწანისში დააკავეს ნაციონალური მოძრაობის ორი აქტივისტი - ნუგზარ მკალავიშვილი და მერაბ ბადაგიძე, სრულიად უსაფუძვლოდ. მაშინ როცა ყველა კადრებზე, რომელიც გაუშვა ტელეკომპანიებმა, ნაძალადევში, მთაწმინდაზე, რუსთავში მომხდარ ფაქტებთან დაკავსირებით, ქართული ოცნების არც ერთი აქტივისტი რომელმაც შეტევა მიიტანეს ვიდეოკამერით აღჭურვილ დამკვირვებლებზე დაკავებულები არ არიან. ჩვენ უკვე ამ მომენტისთვის არსებული მდგომარეობით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართული ოცნება, ხელისუფლება, პირადად ღარიბაშვილი, პოლიციის მონაწილეობით ხელების გადაგრეხვით აპირებს რომ დაასრულოს ადგილობრივი არჩევნები და ნამდვილად რთული იქნება შეფასდეს ეს არჩევნები როგორც დემოკრატიული, როგორც თავისუფალი არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველს თავისუფლად მიეცა ნების გამოვლენის შესაძლებლობა.

საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ბირჟები არის ამომრჩეველზე ზეწოლა და ჩვენ გვაქვს უამრავი ფოტო და ვიდეომასალა სადაც მკაფიოდ ჩანს რომ ამომრჩეველს არ ეძლევა თავისუფალ გარემოში თავისი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ, რომ ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად, სადაც ამომრჩეველს თავისუფლად მიეცა თავისი ნების გამოვლენის შესაძლებლობა” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ტაბულა ცდილობს შსს-სთან აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას და დეტალების გარკვევას

კომენტარები