ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმე

გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა 15-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თელასის მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულებს, უვადო პატიმრობაში მყოფ გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ათვლა 2006 წლის 7 მარტიდან დაიწყება.

მოსამართლის განმარტებით, საქმეში არ იყო დამამძიმებელი გარემოებები, თუმცა არ არსებობდა არც შემამსუბუქებელი გარემოება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ უვადო პატიმრობა ზედმეტად მკაცრ სასჯელად მიიჩნია და ორივე მსჯავრდებულს 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის შეფასებით კი, სასამართლო ძველი გადაწყვეტილების ტყვეობაში იმყოფება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ვერ გაბედა.
 

თელასის მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს, ბახტრიონზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მისი მკვლელობის შემკვეთად თელასის ექსპერტი გია გვიჩიანი ცნეს და 2006 წელს დააკავეს. უვადო პატიმრობამისჯილი გვიჩიანი თავს უდანაშაულოდ ცნობდა და თავის დაკავებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზანს უკავშირებდა. დანაშაული არ აღიარა მკვლელობის შემსრულებლის ბრალით გასამართლებულმა ნიკა ჩემიამაც და გიორგი გვიჩიანის მსგავსად მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმეზე ასევე დააკავეს ნოდარ გვიჩიანი, როგორც შუამავალი შემკვეთს და მკვლელობის შემსრულებლებს შორის. სწორედ მისი აღიარებითი ჩვენება გახდა ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება გიორგი გვიჩიანის და ნიკას ჩემიას დაპატიმრების და შემდგომ მისი გასამართლების. მამხილებელი ჩვენების  სანაცვლოდ, ნოდარ გვიჩიანს, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე სხვა დანაშაულები, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სრულიად გათავისუფლდა სასჯელისაგან. 

კომენტარები