საგარეო პოლიტიკა

პრაგმატიზმის ილუზია

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკამ „რადიკალიზმიდან" „პრაგმატიზმამდე" ორი შემობრუნება გამოიარა. ორივე ტერმინს ბრჭყალებში შეგნებულად ვსვამ, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის შესახებ გავრცელებულ კლიშეებს უფრო ასახავენ, ვიდრე მათ რეალურ შინაარსს.

1990-იანი წლები დაიწყო ზვიად გამსახურდიას მთავრობის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობით, რაც იმ დროს ზედმეტად რადიკალურად მიიჩნია არა მხოლოდ მოსკოვის ხელისუფლებამ და დასავლეთმა, არამედ თავად ქართული საზოგადოების ნაწილმაც. როგორც სულ ცოტა ხანში გაირკვა, საბჭოთა კავშირი არა ქართველმა რადიკალებმა, არამედ თავად საბჭოური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის ქრონიკული დაავადებების ერთობლიობამ იმსხვერპლა.

Eduard Shevardnadze making a speech on TV shortly after surviving an attempted assassination.
ფოტო: AFP
ამის მიუხედავად, ახალი, უკვე „დემოკრატიული" რუსეთის ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო საქართველოს მიმართ საგანგებოდ ხისტი დამოკიდებულება და დიდი წვლილი შეიტანა ეროვნული ხელისუფლების დამხობაში. ლოგიკურად, პრობლემა აქ უნდა დასრულებულიყო – შევარდნაძის მთავრობამ „შეცვალა რიტორიკა" (ხომ არ გეცნობათ?), ძალოვან თანამდებობებზე რუსეთის ხალხი დანიშნა და მანამდე წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგა – საქართველო დსთ-ში გააწევრიანა (რასაც ელცინი გამსახურდიასგან ულტიმატუმის ფორმით ითხოვდა). ანუ საქართველოში რადიკალიზმი პრაგმატიზმით შეიცვალა. ახლადდანერგილმა „პრაგმატიზმმა" რუსეთს დაუკანონა სამხედრო და პოლიტიკური გავლენა, მის მიერვე ინსპირირებულ კონფლიქტებში (რომელშიც თავად კონფლიქტის მხარეს წარმოადგენდა) მიიღო „შუამავლის" და „მშვიდობისმყოფელის" საერთაშორისო სტატუსი.

ლოგიკურად, საქართველოს მიერ საკუთარი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილზე უარის თქმას და საგარეოპოლიტიკური ვექტორის მოსკოვისკენ შემობრუნებას რუსეთის მხრიდან დამოკიდებულების უკეთესობისკენ ძირფესვიანი ცვლილება და ქვეყანაში კეთილდღეობა უნდა მოჰყოლოდა. რეალობაში კი, 90-იანი წლების პირველი ნახევარი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ხანად შევიდა – ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და ბანდიტების თარეშმა ლეკიანობის მასშტაბებს მიაღწია.

შევარდნაძის ხელისუფლებისთვის ნათელი გახდა, რომ წესრიგის დამყარების და რეფორმების გარეშე ქვეყანა (და, შესაბამისად, მისი ხელისუფლება) სულ მალე შეწყვეტდა არსებობას. წესით, ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა ყოფილიყო, რადგან იმ დროისთვის მათ ბუმერანგად მიიღეს ომი ჩეჩნეთში და არასტაბილურობა საქართველოში მხოლოდ ართულებდა მეამბოხეებთან ბრძოლას. რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, 1995 წელს საქართველოში პოლიტიკური სტაბილიზაციის პროცესი (შეიარაღებული ბანდების ალაგმვა, ახალი კონსტიტუციის მიღება და ა.შ.) რუსეთმა საფრთხედ აღიქვა და აგვისტოში პრეზიდენტ შევარდნაძის ლიკვიდაცია სცადა სწორედ იმ კაცის ხელით, რომელიც მანამდე თავად დაუნიშნა უშიშროების მინისტრად. აღსანიშნავია, რომ ამის მიუხედავად, შევარდნაძემ გააგრძელა „პრაგმატული" კურსი და რუსეთის მიმართ რაიმე კონფრონტაციული ნაბიჯები არ გადაუდგამს, თუმცა საკუთარი ხელისუფლების გამყარებაზე ზრუნვაც გააგრძელა.

მომდევნო თავდასხმა შევარდნაძეზე განხორციელდა ორ-ნახევარი წლის შემდეგ, 1998 წლის თებერვალში. ამ ორ ტერაქტს შორის პერიოდში მისმა ხელისუფლებამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარების და ეკონომიკის რეაბილიტაციის თვალსაზრისით (90-იანების დასაწყისთან შედარებით). ამავე პერიოდს ემთხვევა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საუკუნის პროექტზე მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში შესვლა. სამწუხაროდ, მეორე ტერაქტს უკვალოდ არ ჩაუვლია – მომდევნო რამდენიმე წელი ეკონომიკური სტაგნაციითა და კორუფციის დონის უპრეცედენტო ზრდით აღინიშნა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის და რუსეთის მიმართ დათმობების მიუხედავად, მოსკოვი გამონაკლისის გარეშე ყოველთვის იყენებდა უხეშ ძალას, რათა არ დაეშვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის თუნდაც მეტ-ნაკლები გამყარება.

2004 წლიდან საქართველოში რუსეთისთვის ბევრად უფრო საგანგაშო პროცესები დაიწყო. სააკაშვილის ხელისუფლების კრიტიკოსებმაც უნდა აღიარონ, რომ მისი მოსვლის შემდეგ საქართველომ, რომელსაც მანამდე სულ უფრო ხშირად უწოდებდნენ შეუმდგარ სახელმწიფოს, დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების კონსოლიდაცია, აღადგინა კონტროლი აჭარასა და სამცხე-ჯავახეთზე და დაიწყო ეკონომიკის რეანიმაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის რადიკალიზმის მიუხედავად, მისი პირველი ნაბიჯი სწორედ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობა იყო. მაგრამ, ეს მცდელობა თავიდანვე განწირული იყო წარუმატებლობისათვის: წინამორბედის მსგავსად, მასაც რომ დაეტოვებინა მოსკოვთან დაკავშირებული ძალოვანი მინისტრები, წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების განხორციელების შემთხვევაში პუტინის რეაქცია ზუსტად იგივე იქნებოდა.

Eduard Shevardnadze making a speech on TV shortly after surviving an attempted assassination.
ფოტო: AFP
ვისთვისაც ჩვენი უახლესი ისტორია არადამაჯერებლად პასუხობს კითხვაზე, თუ რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს და ვინც ეჭვობს, რომ საქართველომ მხოლოდ საკუთარი უუნარობის გამო ვერ ააწყო ურთიერთობები რთულ ისტორიულ მომენტში მყოფ გიგანტ მეზობელთან, მოვიყვან სხვა მეზობლების გამოცდილებას. მათ შორის უკრაინის მოვლენები ალბათ ყველაზე აშკარა პასუხს გვთავაზობს ამ კითხვაზე. 2013 წლის შემოდგომამდე უკრაინას, ერთი შეხედვით, ჰქონდა ყველაფერი რუსეთთან იდეალური ურთიერთობებისთვის: გარდა იმისა, რომ ეთნო-კულტურული თვალსაზრისით ძნელად მოინახება უფრო ახლობელი ორი ერი (თუმცა ომის შედეგად ალბათ სიახლოვე უკვე ისტორიაა), უკრაინის სათავეში ბოლო რამდენიმე წელი იმყოფებოდა პრორუსი ლიდერი, რომელმაც მეორე მცდელობით დაამარცხა მოსკოვისთვის საძულველი იუშჩენკო, უარი თქვა NATO-ში ინტეგრაციაზე და ყოველმხრივ თანამშრომლობდა პუტინთან.

ყოველივე ამის შემდეგ, ვიქტორ იანუკოვიჩს საშინელ კოშმარშიც არ დაესიზმრებოდა, რომ პუტინი მას ასე სასტიკად გაიმეტებდა მხოლოდ იმისთვის, რომ სცადა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან. მით უმეტეს, რომ მსგავსი თანამშრომლობის წინააღმდეგ ადრე რუსეთი არასოდეს გამოსულა და, ლოგიკურადაც, რა უნდა ყოფილიყო ცუდი იმაში, თუკი რუსეთის მეზობელი და თან მეგობარი ქვეყანა პოლიტიკურად უფრო სტაბილური და ეკონომიკურად უფრო წარმატებული გახდებოდა? როგორც აღმოჩნდა, ეს ისეთივე დანაშაული ყოფილა, როგორც ურჩი ქართველების რადიკალიზმი.

ფაქტი კი ისაა, რომ ვილნიუსის სამიტის წინ პუტინმა თავისთან დაიბარა იანუკოვიჩი და უკვე გამზადებული შეთანხმების ხელმოწერა ფაქტობრივად აუკრძალა. სულ ცოტა ხნით ადრე იგივე ბედი ეწია სომხეთის ასოცირების ხელშეკრულებას.

განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ სომხები, რომლებიც რუსეთის გარეშე საკუთარი გადარჩენის პერსპექტივას ვერ ხედავენ, ბედს მეტ-ნაკლებად უსიტყვოდ შეეგუენ, ევროკავშირის უშუალო მეზობელი უკრაინა კი ჯერ მშვიდობიანმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ხოლო კრემლის მიერ ინსპირირებულ სისხლიან რეპრესიებს ამბოხებით უპასუხა და გაიმარჯვა. ყველას შევახსენებ, რომ ომი უკრაინაში მოჰყვა არა „ბანდერელების" აჯანყებას, არამედ ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერის უეცარ ჩაშლას, რის უკანაც რუსეთი იდგა.

დავუბრუნდეთ საქართველოს. ქართულ ოცნებას უკავშირდება პოლიტიკურ ლექსიკონში „პრაგმატიზმის" დაბრუნება. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე კოალიციის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ შეძლებდნენ ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან. მათი აზრით, საკმარისი იყო „რიტორიკის შეცვლა" და პუტინს გული მოულბებოდა. რიტორიკა მართლა შეცვალეს – არაერთხელ ითქვა, რომ 2008 წლის ომში საქართველო იყო დამნაშავე (მართალია, ისინი პირადად სააკაშვილს და მის მთავრობას ახსენებდნენ, მაგრამ ალბათ თავადაც ხვდებოდნენ, რომ შედეგად საქართველო მტყუნდებოდა), ერისიონიც აცეკვეს კრემლში, მაგრამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მოსკოვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გარკვეულ სფეროებში წინსვლა, რა თქმა უნდა, არის – ღვინო და მინერალური წყალი დაუშვეს ბაზარზე, ახლა სოფლის მეურნეობის პროდუქციაც ემატება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთს ამას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობაც ავალდებულებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგი შეიძლება სერიოზულ საფრთხესაც მოიცავდეს – სულ ბოლო დრომდე ჩვენი უპირატესობა სხვა მეზობლებთან სწორედ ის იყო, რომ რუსეთს აღარ ჰქონდა ჩვენზე ზემოქმედების ეკონომიკური ბერკეტები, ხოლო ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. იმაში, რომ ადრე თუ გვიან კრემლი კვლავ გამოიყენებს ამ ბერკეტს, წესით, ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს.

ამავე დროს, შეცვლილი რიტორიკის და ახალი პრაგმატული პოლიტიკის ფონზე ყველამ ვიხილეთ გადმოწეული მავთულხლართები, ქართველების რეგულარული გატაცებები და სულ ბოლო დროს აფხაზეთში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ ახალი ეთნოწმენდის მზადება. ვითარება არც სამაჩაბლოშია დამაიმედებელი – ცხინვალში ბოლო „არჩევნებში" ედინაია ოსეტიამ (ედინოროსების ფილიალი) გაიმარჯვა, რომლის საარჩევნო კამპანია რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ლოზუნგს ემყარებოდა.

დღევანდელი მთავრობის სტრატეგია ყველაზე მკაფიოდ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის BBC-სთან ამასწინანდელ ინტერვიუში გაჟღერდა. მან თქვა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს (არ აპირებს ოკუპირებული რეგიონების ანექსიას), თავად ოკუპირებულ რეგიონებს „დე ფაქტო სახელმწიფოები" უწოდა, ამტკიცებდა, რომ გამონახა ჯადოსნული ფორმულა, რომლითაც უკვე გამოასწორა ურთიერთობები რუსეთთან და, ამავე დროს, გააგრძელებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირსა და NATO-ში. უფრო მეტიც, მან დაუდასტურა გაოცებულ ჟურნალისტს, რომ რუსეთის სხვა მეზობლებმა ჩვენ უნდა მოგვბაძონ. აღარ შევეხები სხვა დეტალებს, მაგრამ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ მის გამოსვლას ორი მთავარი გზავნილი ჰქონდა: დასავლეთს მან ამ ინტერვიუთი უთხრა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მოხსნან დღის წესრიგიდან, რადგან ჩვენ თვითონ წარმატებით ვაგვარებთ ურთიერთობებსო (ოღონდ ისე, რომ ვერ დავიბრუნებთ თუნდაც ერთ გოჯ მიწას და სახლში არ დაბრუნდება არცერთი ლტოლვილი). თუმცა ბ-ნი ღარიბაშვილის მთავარი ადრესატი ალბათ რუსეთი იყო – რუსეთთან ურთიერთობა უმჯობესდება, რადგან ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულებაო (ანუ ყველაფერი წინა მთავრობის ბრალი იყოო), მან არ გამოიყენა რუსეთისათვის არასასიამოვნო არცერთი ტერმინი („ოკუპირებული რეგიონი", „საოკუპაციო ხაზი", და ა.შ), არცერთხელ არ უხსენებია ლტოლვილები ან რაიმე სხვა პრობლემური საკითხი. ყირიმის ანექსია მან ადგილობრივი მოსახლეობის ნებით ახსნა, რაც თურმე განასხვავებს მას „დე ფაქტო სახელმწიფო" აფხაზეთისგან და სამხრეთ ოსეთისგან, რომელთა მოსახლეობა, მისი თქმით, დამოუკიდებლობის მომხრეა, ხოლო თავად რუსეთს მათი ანექსია არც კი უფიქრია.

უნდა ვივარაუდო, რომ ამ ინტერვიუს შედეგად პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი რუსეთთან ურთიერთობების დათბობას ელის – როგორ შეიძლება, მოსკოვმა არ დააფასოს საქართველოს მთავრობის ახალი პრაგმატული კურსი? სამწუხაროდ, მგონია, რომ მოსკოვის პასუხი მალე გახდება ცნობილი და ის ბატონ ღარიბაშვილს თავად არ მოეწონება, თუ, რა თქმა უნდა, მისთვის მისაღები არაა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიის დიდი ნაწილის და ლტოლვილების ბედის გადაცვლა რუსეთთან ღვინით და მწვანილით ვაჭრობაში.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ თუ რამეს გვასწავლის ჩვენი საკუთარი და ჩვენი მეზობლების ისტორია, ისაა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ტონალობისაა ჩვენი რიტორიკა, რუსეთის სტრატეგია საქართველოს და სხვა ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების მიმართ უცვლელია საბჭოთა იმპერიის დაშლის დღიდან. რუსეთი არ შეგუებია საბჭოთა კავშირის (და სოციალისტური ბლოკის) დაშლას და რამდენადაც უაზროდ არ უნდა ჩანდეს, ბევრად უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს მეზობლებზე გავლენის უხეში მეთოდებით აღსადგენად, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნისთვის, რომელიც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოიზიდავდა ყოფილ სატელიტებს.

ასე რომ, პასუხი კითხვაზე, თუ რას სურს რუსეთს – ნათელია, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შუქზე: რუსეთის მიზანია დაკარგული იმპერიის ნაწილებზე კონტროლის აღდგენა. ამ მიზნის მისაღწევად იგი იყენებს მეზობლების შეუმდგარ სახელმწიფოებად გადაქცევის ტაქტიკას – სანამ ქვეყანაში ყვავის პრორუსული ავტორიტარული რეჟიმი და კორუფცია, მანამდე ის არ გეხება, ხოლო თუ დაიწყებ წელში გამართვას – მისი მტერი ხდები. რუსეთი მომაკვდინებელ საფრთხედ განიხილავს საქართველოს და სხვა მეზობლების რეალურ დამოუკიდებლობას და ეკონომიკურ წარმატებას. ამაზე მახსენდება ჰოლივუდის გროტესკულად უნიჭო ფილმი „დამოუკიდებლობის დღე" (Independence Day), რომელშიც დედამიწას უცხოპლანეტელები შემოესევიან. ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს, მოელაპარაკოს ტყვედ ჩავარდნილ ურჩხულს და ეკითხება: „იქნებ შევძლოთ შეთანხმება, გვითხარით, რა გსურთ, რა გავაკეთოთ?". პასუხად ისმის უცხოპლანეტელი არსების სისინი: „მოკვდით!!!".

რა თქმა უნდა, ეს სერიოზული შედარება არაა და მჯერა, რომ პუტინს ქართველების ერთიანი გადაშენება არ უნდა უნდოდეს (ბოლოს და ბოლოს, კარგად ვმღერით, ვცეკვავთ და მწვადები ვიცით), მაგრამ მისი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოებრიობისადმი ალბათ საკმაოდ ახლოა ზემოთ აღწერილ სცენასთან. პუტინის რუსეთს სურს, რომ იყოს გარშემორტყმული ღარიბი და წარუმატებელი ქვეყნებით, რომლებიც არასოდეს დააინტერებს დასავლეთს. სხვა საკითხია, თუ რამდენად რაციონალურია ამგვარი მისწრაფება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთს უკვე უწვნევია მეზობლების დესტაბილიზაციის სავალალო შედეგი საკუთარ თავზე (იგივე აფხაზეთის ბუმერანგი ჩეჩნეთში).

გარდა გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებისა, ეკონომიკურ აზრს მოკლებულია რუსეთის მიერ საბაჟო კავშირის შექმნა, რომელიც მის წევრებს ევროპისგან და დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოაქცევს მაღალი ტარიფებით და სხვა ხელოვნური ბარიერებით.

მაშ, რა ვქნათ ჩვენ? ბუნებრივია, მთავრობას არ მოვუწოდებ გამომწვევი ნაბიჯების გადადგმისკენ, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი არ ტყუვდება არც ჩვენი ილუზორული პრაგმატიზმით და არც დამტკბარი გზავნილებით. ის თავის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ჩვენს დამოუკიდებლობას, გააგრძელებს ნებისმიერ შემთხვევაში. ასევე შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ჩვენზე ბევრი არაფერია დამოკიდებული, რომ ჩვენი ბედი ისე გადაწყდება, როგორც რუსეთი და დასავლეთი მორიგდებიან. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ხოლო ბრძოლაზე უარის თქმის შემთხვევაში განწირულები ვიქნებით ყველანი – „რადიკალებიც" და „პრაგმატიკოსებიც".

გამოსავალი ერთია – გავაგრძელოთ ჩვენი სახელმწიფოს აქტიური მშენებლობა, მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ძალისხმევა არ დავიშუროთ ჩვენი დაყოფილი, დაპირისპირებული საზოგადოების კონსოლიდაციისთვის.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ნებით არ მოგვეშვება, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობაა. დასავლეთისათვის ჩვენი დღევანდელი და პოტენციური ფასი რუსეთს უკეთ ესმის, ვიდრე ჩვენს მრავალ ევროპელ პარტნიორს და ცდილობს მის მინიმიზაციას. სახელმწიფოებრიობის გამყარებით და ეკონომიკური განვითარებით ჩვენ შეგვიძლია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გავხდეთ დასავლეთისთვის, ვიდრე უბრალოდ სატრანზიტო ტერიტორია. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია გახდეს სერიოზული მოთამაშე დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის მზარდ ეკონომიკურ ურთიერთობებში.

ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეალური პრაგმატიზმი არა რუსეთის მოთაფვლა, არამედ სახელმწიფოს გაძლიერებაზე ზრუნვა იქნებოდა.

 

კომენტარები