ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი თვლის, რომ გიგი უგულავას დაკავება და მისთვის ბრალის წაყენება "დღევანდელი უმწეო მთავრობის ღრმა კრიზისის გამომხატველია".
"მთავარი მიზეზი, ცხადია, არის საფრთხე, რომელიც იგრძნო ხელისუფლებამ. მათი კანდიდატი თბილისში, დავით ნარმანია არის ჩაფლავების საფრთხის წინაშე. ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება ემოციურად პროტესტის გამოხატვისთვის მაშინ, როდესაც მარნეულის საოლქო კომისია უკანონოდ ხსნიდა ჩვენს კანდიდატს არჩევნებიდან, რაც დაადასტურა სასამართლომ; მაშინ, როდესაც ის პირები, ვინც მარტვილში იარაღით შევარდნენ შენობაში და დაარღვიეს საარჩევნო უბანი, არიან გარეთ; ის პირები, რომლებმაც დაარბიეს საარჩევნო უბანი ხონში და დაამტვრიეს საარჩევნო ყუთები, არიან გარეთ, რადგან აღმოჩნდნენ ოცნების კანდიდატები და მხარდამჭერები; ის პირები, რომლებიც ანაკლიაში პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას და იარაღს ისროდნენ ჰაერში, არიან გარეთ; ის პირები, რომლებმაც მარნეულში გააყალბეს არჩევნები, ისინიც გარეთ არიან - ეს გამოხატავს დღევანდელი უმწეო მთავრობის ღრმა კრიზისს", - თქვა კანდელაკმა.
პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შევიდა. პროცესი ჯერ არ არის ჩანიშნული.
დაკავებულ გიგი უგულავას ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში წაუყენეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.
უგულავას ბრალი წაუყენეს ასევე მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით - იძულების (სსკ 150) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების (სსკ 225) მუხლებით.
უგულავას ადვოკატის გიზო უგლავას თქმით, საქმისთვის ე.წ. მარნეულის ეპიზოდის დამატება სიურპრიზი აღმოჩნდა, თავად უგულავა კი დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.
"ყველასათვის სიურპრიზია ალბათ, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას დაემატა მარნეულის ეპიზოდი. მარნეულის ეპიზოდი, რომელშიც ბრალი წარედგინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის და იძულებისთვის. რა თქმა უნდა, თავს არ ცნობს დამნაშავედ, მიიჩნევს, რომ არის უკანონოდ დაკავებული და გამომძიებელთან უკვე დავაყენეთ შესაბამისი მოთხოვნა, როგორც უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების შესახებ. მასალების ნაწილი ახლა გადმოგვეცა. გავეცნობით და თუკი არ გათავისუფლდება, როგორც უკანონოდ დაკავებული, წარვდგებით სასამართლოში. უგულავა არ ცნობს თავს დამნაშავედ და მიიჩნევს, რომ უკანონოდ დაკავებულია პოლიტიკური მოტივების გამო", - აღნიშნა უგლავამ.
რაც შეეხება მარნეულის ეპიზოდს, საქმე 5 ივნისს მარნეულში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა. გიგი უგულავა და პარტიის სხვა ლიდერები სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 3 ივლისს დააკავეს. ის კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს.
გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიდიოდა. ის უკან დაბრუნებას საღამოსვე აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.





