კანონიერი ქურდი

შოთაძე: კრიმინალური ავტორიტეტების შემოსვლაზე ინფორმაცია აბსურდულია

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის შეფასებით, კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია. ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა.

“პირველად მესმის მსგავსი ინფორმაციის შესახებ. ეს იმდენად აბსურდული ინფორმაციაა, რომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ასეთი ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ჭორებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს”, - აღნიშნა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 26 ივნისს გავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე (რემენა) აეროპორტიდან გააპარეს. პარტიის ინფორმაციით, გენინსპექციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდის მომლოდინე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცეპრემიერ კახა კალაძის დავალებით მოქმედებდნენ. ირმა ნადირაშვილის თქმით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ბარბაქაძე არა ე.წ. კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი იყო, "დახვდნენ მას ტრაპთან და ისე გაიყვანეს აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც არ დაფიქსირებულა".

გუშინ კი, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, მეტსახელად ლავას-ოღლი.

კომენტარები