გიგი უგულავას საქმე

შოთაძე: უგულავა აპირებდა გამგზავრებას და აღარ გეგმავდა დაბრუნებას

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენებით მთავრობას მორატორიუმი არ დაურღვევია. როგორც შოთაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, "საგამოძიებო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა აპირებდა საქართველოდან გამგზავრებას და აღარ გეგმავდა უკან დაბრუნებას, რაც დადასტურდა. მას აღებული ჰქონდა ბილეთი, ასევე ბილეთი ჰქონდა აღებული მის ერთ-ერთ ოჯახის წევრს, რომელიც საქართველოში აღარ მყოფება და უკვე გაფრინდა". ირაკლი შოთაძის მტკიცებით, ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გამგზავრების შესახებ არ შეუტყობინებია პროკურატურისა და სასამართლოსთვის, თუმცა, სარგებლობს ბრალდებულის სტატუსით და მის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები. 

"შესაბამისად, ვინაიდან ეს ინფორმაცია დადასტურდა და ეს ვარაუდი საკმაოდ მაღალი სტანდარტის იყო, პროკურატურამ გადაწყვიტა, მიეღო ზომები საგამოძიებო სამსახურთან ერთად, რომ არ აერიდებინა ბატონ გიგი უგულავას კონკრეტულ საქმებზე პასუხისმგებლობისთვის თავი და, შესაბამისად, გამოძიებას არ შექმნოდა პრობლემები", - თქვა შოთაძემ, რომელსაც ტაბულამ შეახსენა, რომ გიგი უგულავას არ ჰქონდა ვალდებულება, ქვეყნის დატოვების შესახებ სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებისთვის ეცნობებინა.

"კი ბატონო, არ იყო ვალდებული, თუმცა, მისი ქმედებები დაემთხვა კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც საგამოძიებო სამსახურს ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენ - სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები ვიყავით, მოგვეხდინა რეაგირება ამაზე", - აღნიშნა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი გუშინ წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობას წინასაარჩევნო მორატორიუმის დარღვევაში ადანაშაულებს. ქართული ოცნების პრესპიკერის განცხადებით კი, მორატორიუმი მხოლოდ დაკავებებსა და სასამართლო პროცესებზე ვრცელდებოდა. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის გიორგი გრძელიშვილის განმარტებით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფომაცია, რომ გიგი უგულავა ქვეყნის დატოვებას საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს გაუფრთხილებლად აპირებდა. თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ადვოკატის ბექა ბასილაიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "ვალდებული არ იყო, ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებისთვის და სასამართლოსთვის მიეწოდებინა, რადგან მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული". თუმცა, როგორც ადვოკატმა ტაბულას უთხრა, ამის მიუხედავად,  გიგი უგულავა უცხოეთში გამგზავრების წინ სამართალდამცველებსა და სასამართლოს ინფორმაციას თავისი ნებით აწვდიდა და ახლაც მიაწოდა. 

კომენტარები