უსუფაშვილი: ქართულმა ოცნებამ გამარჯვება ივანიშვილის გარეშე მოიპოვა

კოალიცია ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე მოიპოვა სრულიად დამაჯერებელი გამარჯვება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეიმედის ეთერში, გადაცემა პოლიტიკის დროში განაცხადა.

"ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა არჩევნებზე, რომელიც არის უპრეცედენტო, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული რესურსი იყო სრულიად გამოთიშული ერთი პარტიის მხარდასაჭერად, მედია იყო თავისუფალი. და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - ქართულმა ოცნებამ ჩაატარა პირველი არჩევნები ბიძინა ივანიშვილის გარეშე, მისგან საარჩევნო კამპანიის პირობებში არ მოგვისმენია არც ერთი სიტყვა ქართული ოცნების მხარდასაჭერად, შესაბამისად, ეს არჩევნები იყო კოალიციის სერიოზული გამოცდა იმ პირობებში, როდესაც ყველამ ვიცით, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი, პირადად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იყო ძალიან სერიოზული. ეს ნიშნავს, რომ კოალიციამ, უკვე პოლიტიკურმა გუნდმა, მოახერხა ის, რომ ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე მოიპოვა სრულიად დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც კოალიციას საშუალებას აძლევს, ყველა ქალაქში, სოფელში განახორციელოს თავისი პოლიტიკა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამომრჩეველთა აქტივობის შესახებაც ისაუბრა და დაბალი აქტივობა რამდენიმე მიზეზით ახსნა. "ასე მარტივად ვერ ვიტყვით, რომ არ მოვიდა ხალხი და რა ვქნათ. ამას გაანალიზება სჭირდება. ამას აქვს ჩემი აზრით რამოდენიმე მიზეზი. პირველი - საქართველოს ხელისუფლებას არ გაუტარებია არანაირი ღონისძიება იმისთვის, რომ გამოეყენებინა ადმინისტრაციული რესურსი მოქალაქეების არჩევნებზე მოსასვლელად, მეორე - ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს თავიანთი მაქსიმუმი, რის მიღებაც შეეძლოთ. არჩევნებზე არ მოვიდა ადამიანების საკმაოდ სერიოზული ნაწილი, რომელთათვისაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ქართული ოცნების გარდა სხვა მომხიბვლელი და მისაღები პოლიტიკური სუბიექტი არ ჩანს, ანუ სხვასთან არ წავიდა, მაგრამ ქართულ ოცნებას არმოსვლით გამოგვიგზავნა ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ ისინი ჩვენგან ელიან მეტს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან სერიოზულია ის მხარდაჭერა, რაც გამოხატულია არჩევნების შედეგებში. ეს არის ოპტიმალური, რომ ჩვენ ჩვენი საქმე ძალიან კარგად გავაკეთოთ. არ გვქონდეს თვითკმაყოფილების, მოდუნების, ქედმაღლობის განცდა. მე ამას პროტესტს არ დავარქმევდი, ამას დავარქმევდი კეთილგანწყობილ გაფრთხილებას", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები