ქართული ოცნება უგულავას განცხადებას აბსურდს უწოდებს

კოალიცია ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ "გიგი უგულავას განცხადება, თითქოს ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ცესკო-ზე არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტური აბსურდი". პარტიის პრესსპიკერი გიორგი გეგეჭკორი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იშლის ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობას.

"გიგი უგულავას განცხადება, თითქოს ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ცესკო-ზე არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტური აბსურდი.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები არის უპრეცედენტო ჩვენი ქვეყნისთვის. წელს პირველად საქართველოს ისტორიაში, კანდიდატებს მოუწიათ 50%-ანი ბარიერის დაძლევა, რიგ შემთხვევებში კი, ხმების სულ რაღაც 2-3% დაკლების გამო, მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. სახელისუფლებო გუნდს რომ ცესკო-ზე ზეწოლის სურვილი და პოლიტიკური ნება ჰქონოდა, ამას მანამდე გააკეთებდა და მეორე ტურამდე არ მიიყვანდა საქმეს.

ქართული ოცნება არის რეალურად დემოკრატიული ძალა, რომლისთვისაც მსგავსი მეთოდებით ბრძოლა მიუღებელია, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან, რომლის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი უგულავას გამოსვლა იყო მათთვის სასურველ დროს არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის მიზნით ცესკო-ზე ზეწოლის პირდაპირი მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნები უპრეცენდენტო იყო თავისი მასშტაბითა და დემოკრატიულობის ხარისხით. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა პერმამენტულად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, არჩევნების პროცესში მის მიმართ ზედმეტი კითხვები არ გაჩენილა.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღის მიუხედავად, ქართულ ოცნებას ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს, ქვეყანა წარსულში დააბრუნოს და ნაციონალურ მოძრაობას თუნდაც მცირედი წარმატების ილუზია შეუქმნას", - თქვა ქართული ოცნების პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ენმ-ს აქვს სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური მოთხოვნა ცენტრალური საარჩევნიო კომისიის მიმართ, უმოკლეს ვადებში დაასახელოს არჩევნების მეორე ტურის თარიღი.

"ჩვენი ინფორმაციით, მთავრობამ მოახდინა ზეწოლა თამარ ჟვანიაზე. მთავრობის მოთხოვნა იყო 12 ივლისი, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება არსებულ წესებს და პროცედურებს. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სუბიექტს შედეგები გასაჩივრებული აქვს სასამართლოში და მიმდინარეობს ხელახალი გადათვლები; შესაბამისად, შეუძლებელია, 19 ივლისზე ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნოს არჩევნების მეორე ტური", - აღნიშნა უგულავამ და დასძინა, რომ ამ თარიღის ცოდნას აქვს პრინციპული მნიშვნელობა.

"სწორედ გამოცხადებიდან ექნება ყველა მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტს უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობა, რა შესაძლებლობასაც ამ მომენტისთვის სუბიექტები ბიუროკრატიული, საკანონმდებლო ხარვეზების, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და კონკრეტულად მისი თავმჯდომარის მოუქნელი მუშაობის გამო ამ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წინასაარჩევნო პერიოდში მოკლებულნი არიან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თარიღის ცოდნა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაგეგმონ წინასაარჩევნო კამპანია" - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს არაფერი ხდება, მეორე ტური არაფერია და გამარჯვება უკვე ნაზეიმარი აქვს.

"შეუძლებელია, 12 ან 15 ივლისს იყოს მეორე ტური. მოვითხოვთ კატეგორიულად, დღეს ან ხვალ გამოცხადდეს არჩევნების თარიღი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნება სამწუხარო გარიგება მთავრობასა და ცესკო-ს შორის", - თქვა უგულავამ.

თბილისსა და შვიდ თვითმმართველ ქალაქში, ასევე, ცამეტ თვითმმართველ თემში მერობის და გამბელობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები