სასამართლოს გადაწყვეტილებით მარნეულის 6 უბანზე ხმებს გადაითვლიან

ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მარნეულის ოლქის 6 უბანზე ხმები გადაითვლება. მოსარჩელე მხარე, რომელსაც ენმ და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ, ხმების გადათვლას 10 უბანზე მოითხოვდა, სასამართლომ კი მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ენმ საქმის შესწავლას მეორე ინსტანციისგან მოითხოვს. 

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე ორი დღის მანძილზე იხილავდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "თავისუფალი ზონისა" და "მომავლის არჩევანის" სარჩელს, გადაწყვეტილება მან ცოტა ხნის წინ მიიღო, რის შემდეგაც მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მთელი რიგი დადგენილებები გაუქმებულად გამოცხადდა. 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ხმების ხელახლა გადათვლა დაევალა, კერძოდ, 28-ე, 31-ე, 33-ე, 35-ე, 46-ე და 75-ე საარჩევნო უბნებზე.

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი. მისი განცხადებით ენმ საქმის შესწავლას მეორე ინსტანციისგან მოითხოვს.

კომენტარები