მარნეულში განვითარებულ მოვლენებს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ არჩევნებთან - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი.
”ცესკო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ასახული ციფრები არანაირად არ გამოხატავს მარნეულის ამომრჩევლის ნებას, როგორც ამის წარმოჩინებას ცდილობს ხელისუფლება და პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების - პოლიციისა და სუსი-ს, აგრეთვე, ადგილობრივი ავტორიტეტების ნება-სურვილი. გუშინ მარნეულის საოლქო კომისიაში გამართულმა ე.წ. საჩივრების განხილვის სხდომამ, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. საოლქო კომისიას არ აინტერესებს უბნის შედეგების გადამოწმება (რომ არაფერი ვთქვათ გაბათილებაზე), იმ შემთხვევებში, როდესაც ყუთიდან 84 ბიულეტენით მეტია ამოსული (მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი) და არც იმ შემთხვევაში, როდესაც არჩევნებში მონაწილე 663 ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობა თითქოს არ მიიღო (თან წაიღო ბიულეტენი). ისინი ყველაფერი ამის გამართლებას ცდილობენ სრულიად გაუგებარი და უკანონო ე.წ. ახსნა-განმარტებებით, რომლებიც არჩევნების დღიდან 2 დღის შემდეგაა შედგენილი” - ნათქვამია განცხადებაში.
საპარლამენტო უმცირესობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარ ინსტრუქციას შემსრულებლები ცესკო-დან იღებენ და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს არა რეალური შედეგების საზოგადოებისთვის მიწოდებას, არამედ მაქსიმალურად სწრაფად საარჩევნო პროცედურების დასრულებას.
”გვინდა განვაცხადოთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოიყენებს კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას და დაიცავს თითოეულ ხმას, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატებმა და საარჩევნო ბლოკმა მიიღო” - ნათქვამია განცხადებაში.





