საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაოცებულია თბილისის საკრელებულოს გადაწყვეტილებით, 300%-ანი დანამატების გამოწერის შესახებ. მისი თქმით, ის ვერ წარმოიდგენდა, რომ თავისი მუშაობის ბოლო თვეს, საკრებულოს უმრავლესობა 300%-ან დანამატს თავისთვის გამოიწერდა.
"მე კომენტარი არ მაქვს, ცოტა გაოცებული ვარ. ამ საკრებულოს წევრი მეც გახლდით და ორი წლის წინ დავტოვე იგი. ნამდვილად თავში არ მომივიდოდა, რომ თუნდაც საკრებულოს მაშინდელი უმრავლესობა, რომელსაც მე ყოველთვის ვებრძოდი დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე, ვერც გავიფიქრებდი, რომ ბოლო თვეს 300%-ან დანამატს გამოიწერდნენ", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
პრემიების თემას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, ზვიად ძიძიგური. იგი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ არის დასარეგულირებელი, ისევე, როგორც "ჯიპების" თემა დარეგულირდა.
"მე ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ თემაზე და უახლოეს ხანში უნდა მოხდეს რეგულაციები ისე, როგორც არის გერმანიაში, საფრანგეთში, სხვა წამყვან ქვეყნებში. როცა არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვები, მაშინ ადამიანების გემოვნება ჩინოვნიკების გემოვნებას მიენდო. ვინ რამდენ პრემიას გამოიწერს, მე ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ არის კარგი და საზოგადოების ძალიან სამართლიან გულისტკივილს იმსახურებს. როგორც ჯიპების თემა გადაწყდა, როდესაც რეგულაცია გამოაცხადა მთავრობამ, ასე უნდა მოიხსნას პრემიებთან დაკავშირებით ყოველგვარი კითხვის ნიშანი", - თქვა ზვიად ძიძიგურმა და დასძინა, რომ ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს.





