გაბაშვილი: დენის გამორთვა ინდიკატორია იმისა, რომ ხდება ბიულეტენების ჩაყრა

geonews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშა. როგორც გოკა გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დენი გაითიშა ნაძალადევის, ჩუღურეთის, ახმეტის, თელავისა და ყვარლის საარჩევნო უბნებზე. საპარლამენტო ოპოზიცია ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს მიმართავს, დაინტერესდეს, რატომ ხდება საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგიის გათიშვა.

“მინდა მივმართო ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს, რომელიც იმავდროულად არის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი, დროებით მოეშვას შტაბობანას თამაშს, შამპანიურის სმას და დიდი გამარჯვების აღნიშვნას, რადგან კარგად იცის, თუ რა შედეგით დასრულდა არჩევნები. დაწყებულია საარჩევნო უბნებზე შუქის გამორთვა. ეს ხდება ნაძალადევში, ჩუღურეთში, ახმეტაში, თელავში, ყვარელში. ხმების დათვლის დროს შუქის გამორთვა არის პირდაპირი ინდიკატორი იმისა, რომ ხდება ბიულეტენების ჩაყრა. კარგი იქნება, ენერგეტიკის მინისტრმა თავი დაანებოს შტაბს და მიხედოს ენერგეტიკის სისტემას. პრობლემა, რომელიც ათი წელია საქართველოში დავიწყებულია, შუქის გათიშვის მხრივ, არჩევნების დღეს დაიწყო”, - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

ცნობისთვის, ორგანიზაცია GFK-ის ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, თბილისში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. გარდა ამისა, GFK-ის 18:00-ის მონაცემებით, ზუგდიდის და ქუთაისის გარდა, ოთხ თვითმმართველ ქალაქში მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შორის, მეორე ტური გაიმართება. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რუსთავში, გორში, თელავსა და ბათუმში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.

GFK-ის ჩატარებული გამოკითხვის ცდომილება 3%-ია.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით Act-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა ამომრჩეველთა 51,2%-მა მისცა.

ამასთან, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ პრემიერმა კოალიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე თქვა და ნარმანიას გამარჯვებაც მიულოცა.

კომენტარები