უსუფაშვილი: დღევანდელი არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "დღევანდელი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინ ჩვენი ქვეყნის, სოფლების, ქალაქების, რეგიონების საკეთილდღეოდ". უსუფაშვილმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა და აღნიშნა, რომ "ჩვენ მზად ვართ თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებისთვის და ეს ყველაფერი დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ძალიან საინტერესო არჩევნები იმართება.

"სიახლეები, რომლებიც ამ არჩევნებისთვის დაინერგა, საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, საინტერესოა, მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის თვალსაზრისით. 16 000-მდე მოქალაქეა ჩართული საარჩევნო მარათონში, ამას თან ახლავს გარკვეული დაძაბულობა, რაც ყველა შეჯიბრს ახასიათებს. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები თავისუფალ გარემოში მიიღებენ გადაწყვეტილებას და დღის ბოლოს გვეცოდინება არჩევნების წინასწარი შედეგები. ეს იქნება მრავალპარტიული საკრებულოები და მოსახლეობის უმრავლესობით არჩეული მერები და გამგებლები", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, არჩევნები მიდის ორგანიზებულად, ხოლო ცალკეული დარღვევები აღმოფხვრილია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დარღვევების კუთხით განსაკუთრებულ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, საარჩევნო აქტივობაც არის სწორედ ისეთი, რაც დაფიქსირებული იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში.

კომენტარები