პრეზიდენტი: ამ არჩევნებში, პირველ რიგში, გაიმარჯვებს ქვეყანა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველომ უნდა გაიმარჯვოს". როგორც მარგველაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, 2012 წელს დაწყებული დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესი 2014 წლის არჩევნებით კიდევ უფრო განმტკიცდება.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ არჩევნებზე გვექნება პოზიტიური შეფასება. გაიმარჯვებენ პოლიტიკური ძალები, მაგრამ პირველ რიგში, გაიმარჯვებს ქვეყანა. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამა თუ იმ ფორმით შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ შეიძლება, რაიმე ტიპის გადაცდომა იყოს არჩევნებში, მინდა, მოვუწოდო, რომ ძალიან ფრთხილად მოექცნენ იმ იმიჯს, რომელიც მთელმა საზოგადოებამ შევქმენით საქართველოზე. ბუნებრივია, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყნის იმიჯს და ამ არჩევნებზე დავამტკიცებთ, დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესი, რომელიც 2012 წელს დაიწყო, კიდევ უფრო განმტკიცდება 2014 წელს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.

კომენტარები