კალაძე: ენმ-ის კანდიდატის მოხსნა ცესკო-ს პრეროგატივა და გადაწყვეტილებაა

კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახი კალაძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები აუცილებლად იქნება გამოძიებული. კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველა საარჩევნო სუბიექტს მოუწოდებს, მსგავსი შემთხვევებისგან თავი შეიკავონ.

"ხელისუფლება მსგავსი ძალადობის ფაქტების წინააღმდეგია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები გამოძიებულ იქნას. რაც შეეხება მარნეულში მომხდარ ფაქტს, ეს ძალიან ცუდია, თუმცა გამოძიება დაადგენს დამნაშავეს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მოხსნა, ეს უკვე ცესკო-ს პრეროგატივა და გადაწყვეტილებაა. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე და მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ქართული ოცნების მხარდამჭერები იქნებიან, თუ არა", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 5 ივნისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აღნიშნული მარნეულში გააპროტესტეს. მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

გარდა ამისა, 6 ივნისს, ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია გამართეს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, გაუჩინარებული პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. მათ ოფისში მყოფ პირებს ქვები დაუშინეს. ენმ-ის განცხადებით, "აქტივისტებს მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

7 ივნისს კი, ბათუმში, ენმ-ის ლიდერებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს დაესხნენ. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, როცა შეხვედრისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

საქართველოში წინასაარჩევნოდ მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებით შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. საელჩო საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

კომენტარები