პაატა ქარდავას საქმე

პრემიერი: კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან

Irakli Garibashvili official/Facebook.com

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან, ისეთ დანაშაულებთან, როგორებიცაა წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის დატერორება და ადამიანების გატაცება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რომან შამათავასთვის ბრალის დამძიმების საკითხის შეფასებისას განუცხადა.

"ამ საქმეში ბრალდებულებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობაში ედებათ ბრალი. ეს ძალიან სამწუხაროა, ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დავიწყეთ. საუბედუროდ, ასეთი საქმე ბევრია, რომელსაც ჩვენ გავხსნით და ბოლომდე მივიყვანთ. აღმაშფოთებელია, რომ ამ საქმეში ფიგურირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად გამგებლობის კანდიდატი ბატონი გუნავა. ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ საკუთარ მოქალაქეებს კლავდნენ. მინდა დავპირდე მოსახლეობას, რომ ყველა დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. 

კომენტარები