ასოცირების შეთანხმება

პრეზიდენტი: ბრიუსელის დელეგაციაში ვიქნები, თუ მასში ჩემი ყოფნა საჭირო იქნება

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისი მონაწილეობა დელეგაციაში, რომელიც ბრიუსელში ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად გაემგზავრება, გადაწყდება არა მისი სურვილით, არამედ საჭიროებიდან გამომდინარე. ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერის დღევანდელი განცხადების შეფასებისას უთხრა. 

"ამ საკითხს სურვილით, მე მგონი არ წყვეტენ. ამ შემთხვევაში ის ქვეყნები, სადაც ეს საკითხი სურვილით წყდება, არ არის დემოკრატიული და არ არის სამართლის, ქვეყნის ინტერესების პრიორიტეტებზე დამყარებული. ბუნებრივია, ამ საკითხს გავივლით და არა ჩემი სურვილიდან გამომდინარე, არამედ საჭიროებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერმა კითხვას - იქნება თუ არა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმ დელეგაციაში, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად გაემგზავრება, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ "არ გვისაუბრია ამ თემაზე". მისივე განცხადებით, "თუ საჭიროება და სურვილი იქნება, რატომაც არა, მაგრამ ამის საჭიროება არ ვიცი, არის თუ არა".

კომენტარები