პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლებამ NATO-ზე ყალბი მოლოდინები გაუჩინა ხალხს

წინა ხელისუფლებამ ყალბი მოლოდინება გაუჩინა ხალხს - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, წინა ხელისუფლებამ ხალხს ყალბი მოლოდინი გაუჩინა, რომ 2008 წელს NATO საქართველოს MAP-ს მისცემდა.

”მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო მოსახლეობისთვის, რომ ის ყალბი მოლოდინი, რომელიც გაუჩინა წინა ხელისუფლებამ, რომ 2008 წელს რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო საქართველოში, რომ რაღაც საოცარი ეპოქა იწყებოდა, რომ საქართველოს უნდა მიეღო MAP-ი - ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და ეს იყო იმ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენ ვნახეთ როგორ დასრულდა, რომ 2008 წელს ჩვენ MAP არ მივიღეთ და მოხდა ძალიან დიდი იმედგაცრუება”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ახალი მთავრობის პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებულია.

”ჩვენ ვთქვით, რომ წინასწარ არ ვსაუბრობთ შედეგებზე. ჩვენ გვირჩევნია, რომ დაველოდოთ, მანამდე აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ და საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი მოგვიანებით. უელსის სამიტი გაიმართება სექტემბრის თვეში, სამიტამდე მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ მთავრობის მეთაურმა გააკეთოს წინასწარი პროგნოზები, შედეგები და მოლოდინი გაუჩინოს მოსახლეობას”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს პროგრესი ადეკვატურად შეფასდება და ამას NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა ადასტურებს. 

კომენტარები