ოჯახური ძალადობა

შსს: ნაძალადევში ქმარმა ცოლი მოკლა, ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. სამართალდამცველებმა 1967 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ჯიმშერ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით (სსკ-ის 108-ე მუხლი) აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ჯიმშერ ა-მ მიმდინარე წლის 1 ივნისს, ღამით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1967 წელს დაბადებულ ლუდა გ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ხარაგაულის რაიონში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ქმრის მიერ ცოლის (ან ყოფილი ცოლის) მკვლელობის (ან დაჭრის) ათზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა.

კომენტარები