საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და აღნიშნეს, რომ აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება სამხედრო-ტექნიკური თუ ინდუსტრიული თვალსაზრისით. საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.
"მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა, ასევე წვრთნების ერთობლივი დაგეგმვისა და განხორციელების საკითხი რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ სამმხრივი ურთიერთობის თემა აქტიურად განიხილებოდა „თბილისის სამიტი 2014“-ის ფარგლებში" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანი.





