ასოცირების შეთანხმება

ალასანია: მნიშვნელობა არ აქვს, ასოცირების შეთანხმებას ხელს ვინ მოაწერს

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, იმას თუ ვინ მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - პირველი სტუდია - თქვა, მთავარია, რომ შეთანხმება შედგება.

"ჩემთვის ეს ერთი გუნდია, პრეზიდენტი იყო ჩვენი კანდიდატი, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა არჩევნებში. თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები შორს დგას საკითხების პოლიტიზებისგან. მთავარია, რომ შეთანხმება შედგება, მას ხელს პრემიერმინისტრი მოაწერს. მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა - ეს იქნება პრემიერმინისტრი თუ სხვა დელეგირებული უფლების მატარებელი, მთავარია, რომ შეთანხმება შედგება და იწყება ახალი ერა, ახალი ეტაპი ჩვენს ურთიერთობაში ევროპასთან", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 27 ივნისს მოაწერს. ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტს ხელს პრემიერი ღარიბაშვილი მოაწერს. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით კი, "ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დათქმაა, რომ პრეზიდენტს ხელმოწერის უფლება მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე აქვს. ეს კონსტიტუციური ნორმაა. ეს უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულებაა, რომლის ხელის მოწერაც საქართველოსთვის სტრატეგიულია. შესაბამისად, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამის თაობაზე კონსულტაციები აუცილებლად ჩატარდება. ისიც შემიძლია, დავაფიქსირო, რომ ჩემთვისაც, ასევე მნიშვნელოვანია, ხელი საქართველომ მოაწეროს“.

კომენტარები