საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: ენმ-ს სისასტიკე ზუგდიდში ყველაზე მძაფრად იგრძნობოდა

ზუგდიდელებთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი კაცის გაუპატიურება ნაციონალურმა მოძრაობამ მოიტანა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების სისასტიკე სწორედ ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად.

"ყველაზე დიდი ტკივილი, ყველაზე მეტი გაჭირვება სწორედ სამეგრელოს დაატყდა თავს. აქ გაიარა ყველა უსამართლობამ. კარგად ვიცი, რა ტრაგედია გამოიარა სამეგრელომ 90-იან წლებში. და როდესაც სამეგრელო იშუშებდა იარებს, 2008 წელს ახალი ტრაგედია დაატყდა თავს ამ ულამაზეს კუთხეს და მთლიანად საქართველოს. მეგრელებმა ამ განსაცდელსაც ღირსეულად გაუძელით, მაგრამ ზუგდიდელებს ისიც კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდა ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობა ბედის ანაბარა დატოვა და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ ქვეყანა ომში ჩათრეული აღმოჩნდა. სიტყვამ მოიტანა და გეტყვით – დღეს ნამდვილად არ ვაპირებდი მელაპარაკა წინა ხელისუფლების ნამოქმედარზე, დაიღალა ხალხი ამის მოსმენით, მაგრამ ბოლო დროს ისინი მაინც ბედავენ და უტიფრად ლაპარაკობენ, თითქოს ვინმეს დაავიწყდა, ვისთან გვქონდა საქმე.

ყველამ კარგად ვიცით, როგორ გვაცხოვრა "ნაციონალების" ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში. სწორედ მათი წყალობით გვჭირდა ამდენი უბედურება, ქუჩაში ხალხის დახვრეტით დაწყებული, ციხის საშინელი ამბებით დამთავრებული. მათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ვინმე დაივიწყებს ადამიანების წამებას, საჯაროდ დაპატიმრებას ან ამ სცენების ტელეშოუდ ქცევას, პირადი ცხოვრების თვალთვალს, წართმეულ ბიზნესს, ათასობით უდანაშაულო ადამიანთან გაფორმებულ საპროცესო ხელშეკრულებას? მათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ვინმე დარჩება დაუსჯელი? "ნაციონალური მოძრაობის" მთელი სისასტიკე სწორედ აქ, ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად. ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა "ნაციონალურმა მოძრაობამ" – ეს იყო მთელი ერის შეურაცხყოფა, მთელი ერის სირცხვილი, მაგრამ საბედნიეროდ, ისინი დღეს არ არიან. ხალხმა თავად განსაჯოს, დაეჯერება თუ არა ასეთ პოლიტიკურ ძალას დღეს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის რაიონში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამართულ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქართული ოცნების კანდიდატთან და დღევანდელ პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილთან მხოლოდ 2547 ხმით წააგო.

კომენტარები