კრიმინალი

ჰენრი კუპრაშვილს შვიდმა პირმა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში სცემა

HENRI KUPRASHVILI/FACEBOOK.COM

საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალურ მდივანს ჰენრი კუპრაშვილს საკუთარ ეზოში სცემეს. კუპრაშვილის თქმით, მის ეზოში (ნუცუბიძის მე–4 მ/რ) "უკვე დიდი ხანია, 90–იანი წლები დაბრუნდა". კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ ნარკომანებმა და კრიმინალებმა კვლავ მოიპოვეს ახალგაზრდებზე გავლენა და „ავტორიტეტი“. მისი ინფორმაციით, შვიდმა ადამიანმა სცემა.

"ყოველდღე და ყოველ ღამე ეზოში ე.წ.„ბესედკაში“ იკრიბებიან, არის ერთი ღრიანაცელი, გინება, ცემა–ტყეპა, მაცხოვრებლებისათვის არც ძილია, არც მოსვენება, თითქმის ყოველდღე იძახებენ პოლიციას, მაგრამ არავითარი შედეგი" - ამბობს დაზარალებული და აღნიშნავს, რომ გუშინ საღამოს, მას შემდეგ, რაც ვარჯიშიდან დაბრუნებულმა ავტოფარეხში მანქანა დააყენა, გარჩევები დაუწყეს - "თითქოს მე ვუჩიოდი მათ და „ბესედკის“ აღებას ვითხოვდი".

ჰენრი კუპრაშვილის ინფორმაციით, "ახლახან ციხიდან გამოსულმა ვინმე გიორგი ფოფხაძემ, იგივე „პელემ“ დამიწყო გინება, მუშტებისა და ფეხების რტყმევა. დანარჩენები გაშველების მაგივრად მე მაკავებდნენ. ზურგზე ვიღაც (უფრო „პელე“) კბილებით ჩამაფრინდა და ხორცი ამომაჭამა. შემდეგ მოვიდა პოლიცია და სასწრაფო. წამიყვანეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ექიმებმა ისიც მითხრეს, რომ ნარკომანის ნაკბენი საშიში ყოფილა, აუცილებელია შრატის გაკეთება და სისხლის ანალიზების აღებაო". მისი თქმით, საქმეს იძიებს ლევან თინიკაშვილი.

"ასე მომილოცეს ჩემი უბნის ნარკომანებმა და კრიმინალებმა 4 მაისს მსოფლიო რბენაში წარმატება (ქართველებში, ჩემ ასაკობრივ ჯგუფში, თუ არ ჩავთვლით რუსეთის სახელით მოასპარეზე ალფრედ გერცვოლფს, პირველი ადგილის დაკავება), მანამდე, მარტში ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გასვლა, შარშან ბოსფორის სრუტის გადაცურვა და სხვ. ეტყობა ძალიან ცუდ მაგალითს ვიძლევი" - აცხადებს კუპრაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები