17 მაისი

ფანჯიკიძე: ჰომოფობიის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, საგარეო კურსი არაფერ შუაშია

„ჰომოფობიის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ... საგარეო კურსი არაფერ შუაშია“, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 17 მაისის შესახებ დასმულ კითხვას.

„ადამიანები მოწოდებული უნდა ვიყოთ, რომ ერთმანეთს არ ვერჩოდეთ, არ ვმტრობდეთ და ერთმანეთის უფლებებს ვიცავდეთ, ეს არის მთავარი. ამ საკითხს საგარეო და საშინაო კუთხე არ აქვს“, - თქვა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ. 

ცნობისთვის, 17 მაისი - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - საქართველოს პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს არავითარ აქციას არ გეგმავენ, გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირთა და მრევლის ნაწილი მსვლელობას მაინც გამართავს. ამასთან, ისინი "ჰომოსექსუალიზმის, ათეიზმის, ფემინიზმისა და ტრანსსექსუალური ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალის გამოფენის მოწყობას" აპირებენ.

გასული წლის 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში აქცია იგეგმებოდა, რომელიც მრავალათასიანი კონტრდემონსტრაციის მონაწილეებმა ძალადობრივად ჩაშალეს. 

კომენტარები