"ვინ დაიწყო ომი, ეს თემა დახურულია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში განაცხადა. როგორც ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს მიერ 2008 წლის ომის შესწავლის საკითხზე აღნიშნა, “ეს ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც წაახალისა ჩვენი სოფლების დაბომბვა სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებების მიერ. აქედან გამომდინარე, ეს შეკითხვა არ დგას. ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და დღესაც გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია”.
მისი თქმით, ეს არის კვლევა და არა გამოძიება და ეხება მხოლოდ სამხედრო-ოპარატიულ და სამხედრო-ტაქტიკურ საკითხებს.
"კერძოდ, თუ როგორ აწარმოა საქართველომ თავდაცვითი ომი, რა შეცდომები დაუშვა, რადგან ფაქტია, რომ უამრავი შეცდომა იყო დაშვებული", - განმარტა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს კეთდება მხოლოდ ერთი მიზნისთვის - საქართველოს თავდაცვითი დოქტრინა სწორედ ამ გამოცდილებაზე იყოს შედგენილი, რათა მომავალ ბრძოლებში საქართველომ იგივე შეცდომები არ დაუშვას.
რაც შეეხება კონკრეტული სამხედრო პირების ან სამხედრო პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხს, ირაკლი ალასანიას თქმით, ეს ამ კვლევის საგანი არ არის.
მისი განცხადებით, კვლევა დასრულებულია, გენერალურმა შტაბმა აპრილის ბოლოს წარუდგინა, თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ გარკვეული კითხვებით უკან დაუბრუნა.
"მგონია, რომ კიდევ დარჩა გარკვეულ საკითხებზე პასუხები გასაცემი. როგორც კი სრულად იქნება წარმოდგენილი, ამის შემდეგ პოლიტიურ ხელმძღვანელობას, პრემიერმინისტრს, უსაფრთხოების საბჭოს წევრებს გავაცნობთ იმ ნაწილებს, რაც აუცილებელია, იცოდნენ“,- თქვა ალასანიამ.
რაც შეეხება კვლევის გასაჯაროებას, თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კვლევის მხოლოდ ზოგადი ნაწილი გავრცელდება, სადაც საუბარი იქნება იმაზე, "რა შევისწავლეთ, როგორი დასკვნები გაკეთდა და რა გაკეთდა იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს ნაკლოვანებები".





