საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

მარგველაშვილი: პუტინთან შეხვედრის მომზადების სამუშაო არ დაწყებულა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, "რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მომზადების სამუშაო არ დაწყებულა". მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრის მზაობა იქნება, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისთვის მზად არის. 

"პოზიცია იგივეა, რაც იყო პირველივე კომენტარის დროს, როდესაც ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ თუ არის მზაობა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრისა, რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას, ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრების. იმის მერე, რეალურად, ასეთი საკითხების არც ნუსხა არ შექმნილა, არც ნაბიჯები არ გადადგმულა იმისთვის, რომ ასეთი საკითხების მიმართ მომზადდეს შეხვედრა", - თქვა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, 10 თებერვალს, სოჭში, ჟურნალისტებმა ვლადიმირ პუტინს ჰკითხეს, შეხვდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტს. მან უპასუხა - "თუ მოისურვებს, რატომაც არა".

გიორგი მარგველაშვილმა მაშინ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს. მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ასეთ მესიჯს, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.

"ქართულ-რუსული ურთიერთობები არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პრობლემური ურთიერთობა, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია. შესაბამისად, ამ რეპლიკის ანალიზს ჩვენ მოვახდენთ ძალიან სერიოზულად და ზედმიწევნით, გავივლით კონსულტაციებს და ჩვენს პოზიციასაც ჩამოვაყალიბებთ. თუ არის შესაძლებლობა, რომ რაიმე ასეთი ტიპის შეხვედრამ მისცეს პოზიტიური იმპულსი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, თუ არის სერიოზული მზადყოფნა ძალიან პრობლემური თემების განხილვისთვის, ბუნებრივია, არის საფუძველი, რომ ჩვენ ამ თემებზე კოლეგებთან ვიმსჯელოთ, გავიაროთ კონსულტაციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლელ კოლეგებთან და ვიფიქროთ ასეთი შეხვედრის თაობაზე", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები