შეწყალება

სასჯელაღსრულების დაწესებულებები 69 მსჯავრდებულმა დატოვა

http://www.mcla.gov.ge/

ადგილობრივი საბჭოების და მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, 69 მსჯავრდებული გათავისუფლდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების და მუდმივმოქმედი კომისიის სხდომები 16, 17 და 18 აპრილს გაიმართა. მათი გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებები 69 მსჯავრდებულმა დატოვა. გათავისუფლებულებს შორის 7 ქალბატონია.

უწყების ინფორმაციით, სხდომებზე 770-მდე მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს, კერძოდ მათი, ვისაც მოხდილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაულზე – სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4.

სამინისტროს განცხადებით, შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას საბჭოების წევრებმა გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2888 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 325 ქალი და 46 არასრულწლოვანი. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე კი, აღნიშნული მექანიზმით სულ 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორის 12 არასრულწლოვანი და 39 ქალი.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა. შესაბამის განკარგულებას (N17/04/01) ქვეყნის პირველმა პირმა ხელი უკვე მოაწერა. პრეზიდენტის განკარგულება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გადაეგზავნა.

კომენტარები