აბაშიძე: კარასინის თქმით, რუსეთი ასოცირებაზე ხელმოწერაში ხელს არ შეგვიშლის

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთი არ აპირებს რაიმე სახის ზეწოლას საქართველოზე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვისაუბრეთ მავთულხლართების თემაზე, რომელიც საოკუპაციო ხაზზე ივლება. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ასეთი განცხადება, რომ ეს პროცესი დასრულებულია. მნიშვნელოვანია ასევე ის, რაც მოვისმინე რუსეთის დამოკიდებულებაზე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ჩემმა კოლეგამ სავსებით ცალსახად განაცხადა, რომ რუსეთი არანაირად არ აპირებს რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე მოსალოდნელ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ვნახოთ, დავაკვირდეთ. ივნისი შორს არ არის და ყველაფერი გამოჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ვიმეორებ, თავისთავად ის განცხადება, რაც გრიგორი კარასინის ინიციატივით ითქვა, ვფიქრობ, რომ საინტერესოა“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგორი კარასინს გუშინ შეხვდა.

კომენტარები