კვერცხების სროლა

ღოღობერიძეს უგულავასთვის კვერცხების სროლის გამო 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერაბ ღოღობერიძეს გიგი უგულავასთვის კვერცხების სროლის გამო 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ღოღობერიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

10 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობიდან გამოსვლის დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ღოღობერიძე კვერცხების სროლის გამო მის დაკავებას სამარცხვინოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ  ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვების სროლისთვის არ დასჯილან. "ქართული ოცნების სირცხვილია ის, რომ ნაციონალური მოძრაობის განცხადებების გამო გვაპატიმრებენ", - აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ.

10 აპრილის ინცინდენტის დროს დაპატიმრებულ ვახტანგ მითაიშვილს კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა. მითაიშვილი პირობას იძლევა, რომ თუკი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს შეხვდება, ქმედებას გაიმეორებს.

კომენტარები