საქართველოს პრეზიდენტი დღეს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მარტინ ლიდეგაარდს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა და მარტინ ლიდეგაარდმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. საუბარი სექტემბერში დაგეგმილ NATO-ს სამიტსა და ამ სამიტზე საქართველოს საკითხსაც შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს.
შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.





