"ამერიკა და ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება რუსეთმა კიდევ ერთ ქვეყანაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს" - ეს განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დაგ ფრანცმა თბილისში ვიზიტისას გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. ფრანცმა საქართველოში ბოლო 11 წლის მანძილზე მიღწეულ პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია ქართველი ხალხის ხელშია.
"უკვე თითქმის 2 ათწლეულია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, სურვილსა და მიზანდასახულობას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში და ჩვენი ეს მხარდაჭერა არ შეიცვლება. ის არ შეცვლილა აქამდე. ვიმედოვნებ, შეამჩნიეთ რომ ის უფრო გაძლიერდა. რაც შეეხება პრეზიდენტ ობამას შენიშვნებს, ჩემი აზრით, ის საუბრობდა კონკრეტულად MAP-ის არქონაზე. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის, ჩემი ხელმძღვანელის, ჯონ კერის და შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ობამას სახელით, გარწმუნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ გაერთიანებაში.
ვინც საქართველოში დემოკრატია უნდა გადაარჩინოს, არიან თავად ქართველები. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი ისტორია, დინამიკური, ზღაპრული ქვეყანა. დემოკრატიის გადარჩენა თქვენს ხელშია. პრეზიდენტი ობამა და ევროპელი ლიდერები ამ ღირებულებების დასაცავად დადგნენ უკრაინის გვერდით და ისინი, რა თქმა უნდა, დადგებიან მათ დასაცავად საქართველოს გვერდითაც. შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ ღირებულებებს, ისინი მხარს უჭერენ ხალხის უფლებას აირჩიონ ლიდერი და არ მისცენ ხმა იარაღის მუქარის ფონზე, როგორც ეს ყირიმში მოხდა. პრეზიდენტმა ობამამ ეს მხარდაჭერა მკაფიოდ დააფიქსირა. მან ასევე მკაფიოდ გამოხატა, რომ თუკი რუსეთი კვლავ განაგრძობს თავის ქმედებებს, საფასური გაცილებით მაღალი იქნება." - თქვა დაგ ფრანცმა.
დაგ ფრანცი საქართველოს საქმიანი ვიზიტით დღეს ესტუმრა. მან შეხვედრები მედიის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან გამართა. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში არსებული მედია კლიმატის გაცნობა და მისი ანალიზი იყო.




