რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა

რუსულმა სპეცსამსახურებმა ტერორიზმის მცდელობის ბრალდებით 25 უკრაინელი დააკავეს

რუსულმა სპეცსამსახურებმა უკრაინის 25 მოქალაქე დააკავეს. რუსული ტელეარხების ცნობით, მათ ბრალად რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობის მცდელობა ედებათ. ტერაქტები თითქოს რუსეთის რამდენიმე რეგიონში უნდა განხორციელებულიყო. უკრაინის უშიშროების სამსახურმა ამ ინფორმაციას ”ბოდვა” უწოდა.

გარდა ამისა, გუშინ რუსეთის პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას გაზის ფასებზე უკრაინისათვის ყველა შეღავათის გაუქმების შესახებ. შედეგად, ათასი კუბური მეტრის ფასმა უკრაინისთვის 485 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ იანუკოვიჩის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უკრაინა გაზს 290 დოლარად ყიდულობდა. რუსეთის მთავრობის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მიწოდებული გაზისთვის უკრაინის 2-მილიარდიანი დავალიანება გახდა. სულ კი, მოსკოვის გაანგარიშებით, უკრაინის ვალი 10-11 მილიარდ დოლარს აღწევს.

კომენტარები