საჯარო სამსახურის შესახებ კანონი

ომბუდსმენმა საჯარო მოხელეებზე კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 1344-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. სადავო პუნქტის მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე.

სახალხო დამცველის განცხადებით, სამსახურში განუსაზღვრელი ვადით მიღებულ მოხელეებს, რომლებსაც ჰქონდათ მათი დასაქმების განუსაზღვრელ ვადასთან დაკავშირებით ლეგიტიმური მოლოდინი, ახსნა–განმარტების და გასაჩივრების საშუალების გარეშე, გაათავისუფლებენ თანამდებობიდან და გადაიყვანენ ამავე თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლებად მანამ, სანამ იქ კონკურსის წესით არ დაინიშნებიან მოხელეები.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ პირთა უფლებრივ გარანტიებს ადგენს. კონსტიტუციის ეს დანაწესი კრძალავს მოხელეთა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას.

საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344-ე მუხლის ლეგიტიმური მიზნის იდენტიფიცირება, რომელიც აუცილებელს გახდიდა სადავო რეგულირების მიღებას.

"ამგვარი მიზნის იდენტიფიცირების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნებოდა ამ მუხლის გამართლება, რადგან 1344-ე მუხლით დადგენილი უფლების შეზღუდვა ბლანკეტურია თავისი შინაარსით და ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ყველა პირის მიმართ ვრცელდება.
საკონსტიტუციო სარჩელი დამატებით შეიცავს დასაბუთებას, რომლის მიხედვითაც, სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. ამ მიმართებით წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოთა სამართალწარმოების პრაქტიკა" - აცხადებს სახალხო დამცველი.

ამავდროულად, ომბუდსმენმა მოითხოვა გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ამ ცვლილებას ადგილობრივი არჩევნების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ხუთი არასამთავრობოს ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ძალიან პრობლემურია პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელე არჩევნების შედეგ მოვალეობის შემსრულებელი გახდება. არასამთავრობოების შეფასებით, ეს არა მხოლოდ საჯარო მოხელეებზე სერიოზულ ზეწოლად და საარჩევნო პროცესებში მათი იძულებით ჩაბმის მცდელობად აღიქმება, არამედ პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო გარემო“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აწერს.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა 2014 წლის 5 თებერვალს შეიტანა. 24 თებერვალს თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გაესაჩივრებინათ.

კომენტარები