თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

ბოკერია: ივანიშვილი და ღარიბაშვილი ქვეყანას ძალადობის მორევისკენ მიათრევენ

„ამ ყაჩაღური თავდასხმით, ამ ძალადობით, ამ რეპრესიებით, ისინი ვერ გააჩერებენ ვერც ნუგზარ წიკლაურს და ვერც ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია აცხადებს. ბოკერია დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

„ივანიშვილი და მისი მარიონეტი ღარიბაშვილი თავისი პოლიტიკით ქვეყანას მიათრევენ ძალადობის მორევისკენ, ძალადობის ჭაობისკენ, საიდანაც საქართველომ გამოაღწია და არასოდეს აღარ უნდა დაბრუნებულიყო. ეს ძალიან ძვირი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს ბოკერია.

ნაციონალური მოძრაობის წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები