თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

ნანუაშვილი: დეპუტატზე ძალადობა ცუდად აისახება ზოგადად ქვეყნის იმიჯზე

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის მსგავსი ნებისმიერი ფაქტი ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება. ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს ეფექტური, დროული და ძალიან მალე გაეცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რაც საქმესთან დაკავშირებით არსებობს.

“ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც დეპუტატზე ხდება ძალადობა, ზეწოლა, თუმცა არ ვიცი, რა მიზნით. მსგავსი ფაქტები არის შემაშფოთებელი და ეს, სამწუხაროდ, ცუდად აისახება ზოგადად ქვეყნის იმიჯზე”, - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

საქართველოს სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს ნუგზარ წიკლაურის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მყისიერ რეაგირებას და მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ შესაძლო დამნაშავე პირთა დროული იდენტიფიცირება, მათი გამოვლენა, საგამოძიებო მოქმედებათა დროული და ჯეროვანი განხორციელება და სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დაუყოვნებელი ჩატარება. ამავდროულად, მისი განცხადებით, აუცილებელია ამ შემთხვევაზე პასუხისმგებელ ყველა პირის გამოვლენა და პასუხისმგებაში მიცემა, მსგავსი ტიპის ქმედებების პრევენციის მიზნით.

"საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყველა იმ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, რომლითაც ხდება პირთა ჯანმრთელობის ხელყოფა ან სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა. ეს საკითხი დამატებით მნიშვნელობას იძენს იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებენ. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მეხუთე პუნქტის მიხედვით, უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას" - აცხადებს ომბუდსმენი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს და ამ მიზნით ელექტროშოკიც გამოიყენეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს".

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავებს საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია 125-ე მუხლით.

კომენტარები