ზურაბ ჟვანიას საქმე

სააკაშვილი: მთავრობაც და ოპოზიციაც უნდა დასხდნენ და დაანებონ თავი ინტრიგებს

mikheil saakashvili official/facebook.com

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველი ფოტოკოლაჟი საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. მან მთავრობას და ოპოზიციას მოუწოდა, შიდაპოლიტიკურ კინკლაობაზე დროს ნუ კარგავენ. ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მთავრობაც და ოპოზიციაც ერთად უნდა დასხდნენ და იმსჯელონ ქვეყნის მომავალზე. სააკაშვილის თქმით, მსოფლიო ტელეარხებზე რუსულ ოკუპაციაზე საუბარი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საქმეა და არა ყოფილი თანამდებობის პირების.

"ფოტოები სოციალურ ქსელებში კი არ გავრცელდა, გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, რომლის მოქმედებასაც მე არ ვაკრიტიკებ, არ მაქვს ჩვევა, რომ ვაკრიტიკო, მაგრამ საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. მსოფლიოს არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, მთავრობა და პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის მასალებს კლიპებად არ ავრცელებს. მაგრამ ეს ვრცელდება გასაგები მიზეზების გამო - არაფერი ახალი აქ არ ხდება, ყველაფერი გამოძიებულია, ყველამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი. მათ შორის, საერთაშორისო სერიოზული გამომძიებლებისგან არის გარკვეული. მაგრამ როგორც ჩანს, არის სერიოზული შიდაპროგრამა და ეს პროგრამა არის პოლიტიკური", - აცხადებს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ დღეს საქართველო ძალიან დიდ საფრთხეშია.

"ხალხო, რითი ხართ დაკავებული. ხვალ რომ რუსეთმა თქვას, რომ, მაგალითად, სომხეთთან უნდა დერეფანი და თბილისში შემოიყვანოს ჯარი ამ სოუსით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში დაკავებული ვართ არა იმით, რაც ხდება უკრაინაში, რუსული საერთო შეტევის თვალსაზრისით ყველა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ოკუპირებულ მიწებზე რა გეგმები აქვს რუსეთს, არამედ ყველანი ერთად წვრილმანი, მდაბიო ძიძგილაობით. ჩვენ აღარ შეგვრჩება ქვეყანა. მთავრობაც და ოპოზიციაც უნდა იჯდეს ერთად და მსჯელობდეს იმაზე, რომ ამ გარემოებებში, რომელიც შექმნა დღეს პუტინმა, საქართველოსთვის ყველა წუთი, დღე მნიშვნელოვანია, ჯერ ერთი, მთელ მსოფლიოში ხმამაღლა ყვიროდეს. ჩემ გარდა, რატომ არავინ არ ლაპარაკობს საერთაშორისო არხებზე? მე აღარ ვარ თანამდებობის პირი. სად არის საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, ჩრდილოვანი პრეზიდენტი? მე უნდა ვლაპარაკობდე იმაზე, რომ საქართველო საფრთხეშია? მე უნდა ვლაპარაკობდე ოკუპაციაზე? 2008 წელზე? მათი სამშობლო არ არის? მე უნდა დავდიოდე და ვაკაკუნებდე ყველა კარზე? ამ სიტუაციაში რითი არიან დაკავებულები? ამ შემთხვევაში, მე მხოლოდ მთავრობას არ ვეხები. მთავრობაც და ოპოზიციაც უნდა დასხდნენ, დაანებონ თავი ინტრიგებს, მით უმეტეს, ბინძურ ინტრიგებს... მით უმეტეს, იმ ადგილზე, სადაც შავ ოთახში არ არსებობს შავი კატა და მართლა არ არსებობს და თუ რამის გამოძიება უნდათ, ყველაფერი გამოძიებულია, მაგრამ ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებები და ინტერნეტითნუ ომობენ ამაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხეს, დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში, გამოცხადდება თუ არა პროკურატურაში.

"მე არ ვმონაწილეობ ბინძურ ინტრიგებში, რომელსაც გეგმავენ და რომელსაც აქვს კონკრეტული სარჩული. ნამდვილად არ ვმონაწილეობ, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ვინმე ამას დააპირებს, ყველა აგებს პასუხს შესაბამისად. ყველამ კარგად იცის ყველაფერი, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, ძალიან კარგად იციან და ტყუილად ჰგონია ვიღაცას, რომ საერთაშორისო არენაზე და თუნდაც საქართველოს შიგნით ბნელა. ეს ყველაფერი ისედაც გარკვეულია. ნუთუ არ გვესმის, რა ვითარებაში იმყოფება საქართველო, რა კონკრეტული რისკებია დღეს და ჩვენ ვაპირებთ ეს რისკები და მდგომარეობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი წვრილმანი, პოლიტიკური მდაბიო, ბოღმა, ღვარძლიანი ამოცანები განვახორციელოთ?! ესაა ამოცანა დღეს საქართველოში?! ასეთმა მიდგომამ საქართველო დაღუპა მრავალჯერ. ასეთი მიდგომის გამო საქართველო მრავალჯერ მოხვდა დამპყრობლის ხელში. რამდეჯერ უნდა გაიმეოროს საქართველომ ერთი და იგივე შეცდომა?! რამდენჯერ ვერ უნდა დავდგეთ ჩვენი პირადი ბოღმის, შურისძიების, ღვარძლის ზემოთ და არ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე. დღეს მსოფლიოს არხებზე ტელეეთერის 90% მე მაქვს დაკავებული. ეს არ არის ყოფილი პრეზიდენტების და ყოფილი თანამდებობის საქმე. დღეს წყდება დღევანდელი საქართველოს საქმე და დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის გადასაწყვეტია ეს. მათი დრო რითია დაკავებული? გავა ცოტა დრო და ყველას შეგვრცხება, რომ საქართველოს ისტორიის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში დაკავებული ვიყავით წვრილმანი ვენდეტებით და შურისძიებებით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გუშინ, Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.

ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

კომენტარები