ჯილდო რუსუდან გოცირიძეს

რუსუდან გოცირიძე “მამაცი ქალის საერთაშორისო ჯილდოს” მფლობელი გახდა

18 მარტს თბილისის მშვიდობის საკათედრო ტაძარმა (საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია)  ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის “მამაცი ქალის საერთაშორისო ჯილდოთი” დაჯილდოება იზეიმა.

მეუფე რუსუდანი სულ რამდენიმე დღეა დაბრუნდა ვაშინგტონიდან, სადაც იგი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით იმყოფებოდა.  ამერიკაში ვიზიტის დროს  მეუფე რუსუდანს “საერთაშორისო მამაცი ქალის ჯილდო” (International Women of Courage) ამერიკის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჰეზა ჰაიგინბოტომმა გადასცეს.

მეუფე რუსუდანი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ამ პრესტიჟული ჯილდოს ლაურიატი  გახდა. მეუფეს ეს ჯილდო  „გენდერული თანასწორობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს უმცირესობების უფლებების დაცვისათვის, რელიგიური თავისუფლების მისაღწევად გაწეული ბრძოლისათვის, განსაკუთრებით საქართველოს მუსლიმური უმცირესობისათვის და საქართველოს ლგბტ თემის უფლებებზე საუბრისათვის მიანიჭეს.“

“შეერთებული შტატები და საქართველო აღიარებენ ფართო პასუხისმგებლობას, რათა დაძლეულ იქნას შეუწყნარებლობა ყველა ადამიანის და განსაკუთრებით ყველა მარგინალიზებული ადამიანის მიმართ. ეს ჯილდო არის სიმბოლო ორი ქვეყნის გაერთიანებული ძალისხმევისა დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინები სწინააღმდეგ.”– ნათქვამია შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

მშვიდობის კათედრალში საღამო ღვთის მსახურებით დაიწყო. წირვა აღავლინა მეუფე რუსუდანმა სხვა ეპისკოპოსების თანამსახურებით. წირვას ესწრებოდნენ ეკუმენური და პანეკუმენური სტუმრები (ქრისტიანი და მუსლიმი სასულიერო პირები), ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები,  მეუფე რუსუდანის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები. 

კომენტარები