ბიძინა ივანიშვილი

უგულავა: ივანიშვილის დეიდაშვილობა საქართველოში თანამდებობაა

ტაბულა

„ბიძინა ივანიშვილი ამ მთავრობას თავიდან ბოლომდე აკონტროლებს“, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა აცხადებს. უგულავა არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც უგულავა ამბობს, ყოფილმა პრემიერმა ისიც დაადასტურა, რომ საქართველოში ივანიშვილის „დეიდაშვილობა თანამდებობაა“.

„უამრავი ფაქტი, წაცდენა თუ მისი გამონათქვამი ადასტურებდა იმას, რომ ის თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ამ მთავრობას. ასევე შევიტყვეთ ის, რომ უჩა მამაცაშვილი არა მისი მამიდაშვილი, არამედ დეიდაშვილი ყოფილა. ბოდიშს ვითხოვ ამ უზუსტობისთვის. მაგრამ ფაქტია, მან აღიარა და თქვა, რომ უჩა მამაცაშვილი, მისი დეიდაშვილი ერევა, ჩადის ბაქოში, ალაგებს რაღაც ტრანზიტის თემებს, აკონტროლებს ამ ბიზნესს და ა.შ.  მე სხვა არაფერი  მითქვამს გარდა ამისა, და კარგია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოში მისი დეიდაშვილობა, არა მამიდაშვილობა, არის თანამდებობა, რომელიც ამ ადამიანს უფლებას აძლევს, ჩაერიოს და სახელმწიფოს მაგივრად, სახელმწიფოს ზურგს უკან, სახელმწიფოს გვერდის ავლით, ოფიციალური თანამდებობის გარეშე იმოქმედოს და რაღაცა ბიზნესები დაალაგოს“, - აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, ივანიშვილს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება ოპოზიცია არსებობდეს და მთელ რიგ მოვლენებზე მისგან განსხვავებული ხედვა ჰქონდეს.

„თავსმოხვეული ოპოზიცია - ეს ახალი ტერმინია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. საერთოდ, როგორც ჩანს, ამ კაცს ვერ წარმოუდგენია, რომ ოპოზიცია შეიძლება არსებობდეს, ის სხვანაირად აზროვნებდეს, მთელ რიგ მოვლენებზე მისგან განსხვავებული ხედვა ჰქონდეს და მასაც ხალხი ირჩევდეს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხარს უჭერდეს“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს სახელმწიფოს ხმარდება ის, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ინაწილებდნენ. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, უჩა მამაცაშვილი თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

"მხედველობაში მაქვს ის, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, სხვა ბიზნესზე ღმერთმა დაგვიფაროს, უჩა, ან ვინმე, როგორ გაბედავს, რომ სხვა ბიზნესში წილებში ჩაჯდეს. უჩამ მათ რიცხვში ბევრი იმუშავა. ახლაც ბაქოში იყო ჩასული. ტრანზიტის პრობლემა არსებობს, საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ეს ბიზნესი მაქსიმალურად უნდა აღვადგინოთ. ის, რაც ამ ნიშნით სახელმწიფოს ეკუთვნის, დიდი ხანია, ჩემი პრემიერობის დროს სახელმწიფოზე გადანაწილდა. მათ მშვენივრად იციან, სად რა ფული კეთდებოდა, იმ ფულს გაყვნენ და ნახონ, სახელმწიფოში თუ არ მიდის. ის, რომ სხვა ბიზნესს უჩა აყაჩაღებს, ამას, პრინციპში, პასუხს არ გავცემ. ეს არის ის, რომ ფონს გასვლა ისევ სიცრუით უნდათ", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

ყოფილმა პრემიერმა გიგი უგულავას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც უგულავა აღნიშნავდა, უჩა მამაცაშვილი ბიზნესთან ურთიერთობებს „ალაგებს“ და საარჩევნოდ კახა კალაძესთან ერთად ფულს აგროვებს.

კომენტარები