საქართველოს პროკურატურა

პროკურატურა კახა ბენდუქიძის დაკითხვაზე დაბარების მიზეზს განმარტავს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის პროკურატურაში დაბარების შესახებ განცხადება გაავრცელა. პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ საქმე ეხება "საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის" ბალანსზე რიცხული უძრავის ქონების პრივატიზებას. 

"2014 წლის 18 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია  საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ საქმე ეხება სსიპ „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის“ ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით, სსიპ ,,სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის’’ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციასა და მასთან შერწყმული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს ,,აგრომეტის’’ კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს ,,აგრომეტის’’100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზებას 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით. მაშინ, როდესაც შპს ,,აგრომეტის’’ საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება  65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული  59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირებული იქნა სხვა ქონებების ღირებულებებიც", - ნათქვამია განცხადებაში. 


კომენტარები