გიგი უგულავას საქმე

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. თბილისის უფლებაშეჩერებული მერის და მერიის ბრალდებული მაღალჩინოსნების საქმეები გაერთიანდა და საქმეებს რუსთავის რაიონული სასამართლოს ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. 

პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ პროცესის დაწყებამდე არ დააკონკრეტა რა შუამდგომლობით მიმართავს დღეს სასამართლოს. თავად ბრალდებული გიგი უგულავა კი არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მხარემ დღეს მისი დაპატიმრება მოითხოვოს.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლო განიხილავს მტკიცებულებების დასაშვებობა-არდასაშვებობის საკითხს, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გიგი უგულავას გარდა სხვა ბრალდებულებიც არიან, შესაბამისად, ჯერ მოისმენს ბრალდების მხარის პოზიციას, მერე მოისმენს დაცვის მხარის პოზიციას, თუმცა მე მეეჭვება, რომ დღეს დამთავრდეს ეს პროცესი, ვინდაიდან მოცულობითია საქმე. ჩვენ ვვარაუდობთ, ბრალდების მხარეს შეიძლება ჰქონდეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა", - ამბობს ადვოკატი გოგიტა გაბაიძე.

გიგი უგულავას 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას სწორედ ამ საქმეზე შეუჩერა თბილისის საქალაქო სასამართლომ მერის უფლებამოსილება და აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

რაც შეეხებათ მერიის მაღალჩინოსნებს, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 27 ივნისს დააკავეს.

გამოძიება მათ საბიუჯეტო სახსრების, 48 930 822 ლარის გაფლანგვას ედავება. მათ გარდა, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით წაყენებული აქვს თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი საბანაძეს, რომელიც მიმალვაშია და დაუსწრებლად აქვს შეფარდებული პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით.

ბრალდებულები 2013 წლის 27 ივლისს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები