NATO-საქართველო

NATO-ში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე 2014 წლის ეროვნული პროგრამა დამტკიცდა

საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც 2014 წლის ეროვნული პროგრამა დამტკიცდა. სხდომას პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ესწრებოდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას წარუდგენენ NATO-ელ პარტნიორებს და მიმდინარე კვირის განმავლობაში პროგრამას საბოლოოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაამტკიცებს.

"ამ დოკუმენტში შედის ყველა მიმართულება, ძირითადი პრიორიტეტები, ვალდებულებები, რომელიც მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა ჩვენი მთავრობის ინსტიტუტების, პარლამენტის მხრიდან და, შესაბამისად, იყო შეჯერებული NATO-ელ პარტნიორებთან", - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით კი, მთავრობა ყველანაირად ეცადა, რომ სამოქმედო გეგმაში საქართველოს საგარეო პრიორიტეტები ასახულიყო.

"საუბარია ჩვენს უახლოეს სამეზობლოსთან ურთიერთობებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ წელს გველის - ეს არის ასოცირების ხელშეკრულება და, რა თქმა უნდა, უმთავრესი არის NATO-ს სამიტი. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა როგორც დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, ისე გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის და კონტრიბუციის შეტანის კუთხით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროგრესი უნდა იყოს სათანადოდ დაფასებული და შეფასებული 2014 წელს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ეროვნულ პროგრამას საქართველო 2009 წლიდან ახორციელებს, რაც NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს.

კომენტარები