პატიმრის გარდაცვალება

ომბუდსმენი: გეგუთის ციხეში, პატიმრების პირადი უსაფრთხოების მხრივ პრობლემებია

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველი გეგუთის # 4 დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს.

ამასთან, ომბუდსმენი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოუწოდებს, გაატაროს ყველა შესაძლო პრევენციული ღონისძიება გეგუთის #14 დაწესებულებაში პატიმართა პირადი უსაფრთხოების დასაცავად და ამგვარი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში გეგუთის #14 დაწესებულებაში უკვე მეორედ დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის გამო მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტი, რაც ამ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს", - აცხადებს ომბუდსმენი.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მსჯავრდებული გარდაცვალა.

პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის, თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

აღნიშნულ ფაქტს ადგილზე სწავლობენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც.

კომენტარები