საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ფანჯიკიძე: არ ვაპირებთ, რომ პროვოკაციას წამოვეგოთ

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ გუშინ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ქართული მხარე პროვოკაციად აფასებს.

”შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ვითარდება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და აგრეთვე გორისა და კასპის სოფლების თავზე გადაფრენილი ვერტმფრენების გამო. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების უხეში დარღვევა. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც პროვოკაციას, მაგრამ არ ვაპირებთ, რომ პროვოკაციას წამოვეგოთ”, - აცხადებს ფანჯიკიძე.  

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 6 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული მი-8 ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფლების არბოს, მერეთის, დიცის, კოშკას, ქერეს, ფლავის, ფლავისმანის, ქვეშის, მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, წითელუბნის, ხურვალეთის, ზადიაანთკარის, საკორინთლოს, ქვემო ჭალას, პანტიანისა და ვეკეს ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.
6 მარტს, დაახლოებით 18:22 საათზე, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განლაგებული რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს გადაუფრინა.

 

კომენტარები