საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სოფო მოსიძესთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით გააქტიურებაზე ისაუბრა.
"გაოცებული ვარ პირდაპირ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება საერთოდ როგორ ესაუბრება მიხეილ სააკაშვილს?! მე მითხრეს, რომ მრჩევლად ჰყავთ მიწვეული. არ მინდა მათ საქმეში ჩევერიო, მაგრამ, როცა უშიშროების მინისტრი ესაუბრება მას და რჩევებს ეკითხება, მე მგონი შეცდომაა და მძიმე შეცდომაა, რადგან სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც თავიდან ვერ აიცილა 2008 წლის ომი, პროვოკაციას პირდაპირ წამოეგო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. როცა ასეთ კრიზისულ ვითარებაში ასეთი ავანტიურისტი გყავს მრჩევლად, მე მგონი, ესაა დიდი შეცდომა. მე დავინახე, რომ სააკაშვილი მარტო არაა იქ ჩასული. როგორც მეუბნებიან, მას ჩაყვანილი ჰყავს საკუთარი ბიძა, რომელსაც, სხვათა შორის, საინტერესო წარსული აქვს, იგივე რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის კუთხით. ჩემი ინფორმაციით, ის "კა-გე-ბე"-ს ყოფილი პოლკოვნიკია და "ყოფილები" ხომ იცით, არ არსებობენ მაგ სფეროში. ხოდა ძალიან საინტერესოდ ვითარდება. მე უბრალოდ, მეგობრულად ვურჩევდი ამ ადამიანებს, რომ ნაკლებად დაუჯერონ მიხეილ სააკაშვილის რჩევებს, რადგან მიჭირს დავიჯერო, რომ ის მეგობრულ და სასარგებლო რჩევებს აძლევს მათ. ამ ადამიანმა საკუთარი ხალხისთვის ვერ შეძლო სასარგებლო საქმის გაკეთება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი აფრთხილებს უკრაინის ხელისუფლებასა და პასუხისმგებელ პირებს, რომ "გათვალისწინონ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფია, მისი რადიკალური ხასიათი, მისი ავანტიურისტული მიდგომები საკითხებისადმი. მეუბნებიან, რომ გია ბარამიძე ჰყავთ შს მინისტრის მრჩევლად. გუშინ მითხრეს, რომ ზურაბ ადეიშვილი ჩაჰყავთ ასევე მრჩევლად და დათა ახალაია იქნება მეორე მრჩეველი. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იქნება. ჩვენ ეს ადამიანები გამოვცადეთ საკუთარ თავზე და ვნახეთ, რა კატასტროფამდე მიიყვანეს მათ ქვეყანა. კრიზისის დროს ასეთი ადამიანების გვერდით ყოლა ესაა საკუთარი თვითმკვლელობის ტოლფასი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
"მას სურს ამ ცეცხლის ეპიცენტრში იყოს და იქ პროცესები მართოს. ის იკვებება პროვოკაციებით. სააკაშვილი ცუდად არის იქ, სადაც სიტუაცია არის მშვიდი და სტაბილური. ეს მისი ხასიათიდან კარგად იკვეთება, რომ ადამიანს არ სურს სტაბილურობა, ასეთი პიროვნებაა, ეს დაამტკიცა არაერთგზის. ის იკვებება პროვოკაციებით, კრიზისებით და რადიკალიზმით და ასეთი რადიკალების მრჩევლებად მიყვანა არის კატასტროფული შედეგის მომტანი", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.





