პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სოფო მოსიძესთვის მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის სასამართლოს მიერ კეზერაშვილის ექსტრადიციაზე უარის თქმა ამ პროცესის დასრულებას არ ნიშნავს. მან საქართველოს პროკურატურის მუშაობაც შეაფასა.
"მე მქონდა საუბარი პროკურატურასთან და ვფიქრობ, ეს შეფასებები გადაჭარბებულია. დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბარი, თან საფრანგეთის სასამართლოზე, ძალიან რთულია და არ მსურს ამაზე დამატებითი სპეკულაციები. მე ვიცი, რომ რაც ჰქონდა გაკეთებული საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჰქონდა გაკეთებული სწორად, ჩემი ინფორმაციით. დანარჩენი, მხარეს წარმოადგენდა საფრანგეთის პროკურატურა საფრანგეთის სასამართლოსთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით მოქალაქეები არ უნდა დაიბნენ, რადგამ საუბარია იმაზე რომ საფრანგეთის პროკურატურა წარმოადგენდა მხარეს.
"ასე რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები. თუმცა ეს პროცესი არ დამთავრებულა, კეზერაშვილის პროცესი მიმდინარეობს ჩვენთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ მის შემთხვევაშიც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ და აღვადგენთ სამართლიანობას. ვინაიდან კეზერაშვილს უკავშირდება ძალიან მძიმე დანაშაულებები. ასე რომ ეს პროცესი არ დამთავრებულა. და ჩემი ინფორმაციით ძალიან ბევრი საქმეები არსებობს სადაც კეზერაშვილი მონაწილეობდა და ამ თემებზე მუშაობს პროკურატურა და ტყუილად უხარიათ ახლა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომ ეს პროცესი მათ მოიგეს" - განაცხადა პრემიერმა.





